ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - გარკვეული ქვეყნებიდან გვაქვს ანგარიშები, რომლის თანახმად, გამოკვლეულია ასიმპტომური შემთხვევები, მათი კონტაქტები და მეორეულ გადაცემას ვერ ნახულობენ, ეს ძალიან იშვიათია
12:20, 10.06.2020
ყველა სიმპტომური შემთხვევა რომ მოვიკვლიოთ, მათი იზოლირება მოვახდინოთ, მოვიძიოთ კონტაქტები და მოვათავსოთ კარანტინში, მკვეთრად შევამცირებთ დაავადებულთა რიცხვს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მან პასუხი გასცა „როიტერის“ შეკითხვას, რომელიც ეხებოდა ასიმპტომურ გადაცემას. „დღეს გავიგეთ სინგაპურის ამბავი, რომ ახალი შემთხვევების სულ მცირე ნახევარს სიმპტომები არ აქვს. გვაინტერესებს, ასიმპტომურ გადაცემას უფრო დიდი როლი ხომ არ აქვს, ვიდრე ამაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საუბრობდა“, – აღნიშნა ჟურნალისტმა.
„თქვენ მიერ დასმულ შეკითხვაში რამდენიმე მომენტია აღსანიშნავი – პირველი, ეს არის ასიმპტომურად მოცემულ შემთხვევათა რიცხვი. ჩვენ გარკვეული რაოდენობის ქვეყნებიდან გვესმის, რომ X რაოდენობა, X პროცენტი არის ასიმპტომური ან პრესიმპტომურ ფაზაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მწვავე სიმპტომები მხოლოდ რამდენიმე დღეში გამოვლინდება. განხილვებისას ჩვენ ქვეყნებს ვეკითხებით – პირველი: როგორ მოხდა ასიმპტომური შემთხვევების იდენტიფიცირება? ბევრი მათგანის დადგენა მოხდა კონტაქტების მოძიებით და ჩვენც სწორედ ეს გვსურს – სახეზეა ცნობილი შემთხვევა, პოულობ კონტაქტებს, იმედია, ისინი უკვე კარანტინში არიან, ზოგიერთ მათგანს ტესტირება უტარდება და დგინდება ასიმპტომური ან უსიმპტომო ან თუნდაც, სუსტი სიმპტომები. ასევე, როდესაც ჩვენ ვსვამთ შეკითხვას, თუ რამდენი მათგანი იყო რეალურად ასიმპტომური, ვიგებთ, რომ ბევრი მათგანის დაავადება ძალიან სუსტია, ძალიან სუსტი. მათ არ აქვთ „კოვიდის“ სიმპტომები, ანუ შესაძლოა, ჯერ არ იყოს განვითარებული ტემპერატურა, ხველება ან სუნთქვის უკმარისობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიცით, რომ შესაძლოა, იყოს ასიმპტომური პაციენტი, თუმცა „პისიარ“ ტესტის შედეგები დადებითია.
თქვენი შეკითხვის მეორე ნაწილი არის, თუ როგორია ასიმპტომური პაციენტებისგან დაავადების გავრცელების რეალური თანაფარდობა. ჩვენ ამ საკითხს შემდეგნაირად ვუყურებთ: ყველა ინდივიდი ყურადღებით უნდა იყოს გამოკვლეული, როდის იქნა ის აღმოჩენილი და არის თუ არა მეორადი გადაცემა. ჩვენ გარკვეული ქვეყნებიდან გვაქვს ანგარიშები, რომლებიც კონტაქტებს ძალიან დეტალურად იკვლევენ. ამ ანგარიშების თანახმად, გამოკვლეულია ასიმპტომური შემთხვევები და მათი კონტაქტები და მეორეულ გადაცემას ვერ ნახულობენ. ეს ძალიან იშვიათია. ბევრი მათგანი ლიტერატურაში არც გამოქვეყნებულა“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
მისი მოსაზრებით, ძირითადი ყურადღება სიმპტომიანი შემთხვევების კვლევას უნდა დაეთმოს.
„გამოქვეყნებული მასალებიდან ერთი, სინგაპურიდან, ხანგრძლივად იმყოფებოდა სამკურნალო დაწესებულებაში. არსებობს ასევე კვლევები ოჯახების შესახებ, სადაც დაკვირვებები ხანგრძლივია და ჩვენ ვაკვირდებით შემდგომი გავრცელების თანაფარდობას. ამ მონაცემებს ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით და ვცდილობთ, ქვეყნებისგან მივიღოთ მეტი ინფორმაცია, რათა ამ შეკითხვას ნამდვილი პასუხი გავცეთ. როგორც ჩანს, ასიმპტომური პაციენტისგან შემდგომი გადაცემის შემთხვევები ძალიან იშვიათია. ჩვენი ძირითადი ყურადღება სიმპტომიანი შემთხვევების კვლევას უნდა დავუთმოთ. თუ ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა სიმპტომიან შემთხვევას და იმდენად, რამდენადაც ვიცით, რომ ეს რესპირატორული პათოგენია და გადაეცემა ინდივიდისგან ინფექციური წვეთებით. ჩვენ რომ მოვიკვლიოთ ყველა სიმპტომური შემთხვევა, მოვახდინოთ მათი იზოლირება, მოვიძიოთ კონტაქტები და მოვათავსოთ ისინი კარანტინში, მკვეთრად შევამცირებთ რიცხვს.
ვისურვებდი, შემეძლოს იმ თანაფარდობის განსაზღვრა, თუ რამდენად შევამცირებდით გავრცელებას რეალურად, თუმცა ეს გავრცელების ნამდვილად მკვეთრი კლება იქნებოდა. თუ ჩვენ შევძლებთ ამაზე ფოკუსირებას, ვფიქრობ, ძალიან კარგ შედეგს მივაღწევდით გავრცელების შეჩერებაში. იმ მონაცემების თანახმად, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, სწორედ სიმპტომური პაციენტი ავრცელებს დაავადებას შემდგომ, მეორე ადამიანზე“, – განაცხადა მარია ვან კერკოვმა.