ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი - ახლა მნიშვნელოვანია, გავაორმაგოთ ძალისხმევა, თუ მართლაც გვსურს პანდემიის დასრულება, ფარ-ხმლის დაყრის დრო არ არის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერის სიდარტა სანკარ დატას განცხადებით, სოციალური და საზოგადოებრივი ზომები, ასევე ინფიცირებულის კონტაქტების გამოვლენა და ვაქცინაცია პანდემიის დასამარცხებლად ქმედითი ინსტრუმენტებია.
„ყველა ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია პანდემიის დასრულებისკენ. ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით უნდა მივუდგეთ საკითხს. ჩვენ უკვე გვაქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი. ჩვენ ვიცით, რომ სოციალური და საზოგადოებრივი ზომები, ასევე კონტაქტების გამოვლენა და ვაქცინაცია ქმედითი ინსტრუმენტებია. ახლა მნიშვნელოვანია, რომ გავაორმაგოთ ძალისხმევა, თუ მართლაც გვსურს პანდემიის დასრულება. ახლა ფარ-ხმლის დაყრის დრო არ არის. ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია თითოეულ ადამიანზე. ჩენ ვირუსზე გამჭრიახები უნდა ვიყოთ, ამ რბოლაში ვირუსმა არ უნდა გაგვასწროს. ჩვენ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უნდა ვიყოთ. ამის მიღწევა კი შესაძლებელია იმ ზომების გატარებით, რომლებიც ჩვენთვის კარგადაა ნაცნობი. მე ვნახე საქართველოში, რომ მოქალაქეები იცავენ წესებს. მინდა, მადლობა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების დაცვისთვის“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერმა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ მოისმინოთ ორშაბათს, 14:00 საათზე, საქართველოს რადიოს ეთერში ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.