მარიან ივანუშა - ტამიფლუ სერიოზული პრეპარატია, რომელიც გრიპის ვირუსის გართულებისას ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ
მარიან ივანუშა - ტამიფლუ სერიოზული პრეპარატია, რომელიც გრიპის ვირუსის გართულებისას ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი მარიან ივანუშა აცხადებს, რომ ტამიფლუ სერიოზული პრეპარატია, რომელიც მოსახლეობამ გრიპის ვირუსის გართულების შემთხვევაში მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს.

მისივე თქმით, პაციენტების უმრავლესობას მკურნალობისთვის ტამიფლუ არ სჭირდება.

„ზოგ ქვეყანაში ექიმები მხოლოდ განსაკუთრებული მდგომარეობის შემთხვევაში ნიშნავენ ტამიფლუს. ტამიფლუ არის ანტივირუსული პრეპარატი, ანტიბიოტიკის მსგავსია, რომელიც მუშაობს გრიპის ვირუსის წინააღმდეგ. მინდა, გავაფრთხილო მოსახლეობა, წამლები არ არის კანფეტი, არ შეიძლება როგორც ტკბილეული, ისე მიიღოს ადამიანმა თავისი გადაწყვეტილებით. თუ ჩვეულებრივი რესპირატორული სიმპტომები დაინახეთ, ამის გამო, ნუ მიიღებთ ტამიფლუს. ეს არის სერიოზული პრეპარატი, რომელიც კონკრეტული გართულების შემთხვევაში ექიმის დანიშნულებით უნდა მივიღოთ“, – განაცხადა მარიან ივანუშამ.

როგორც ივანუშამ განაცხადა, საქართველოში არსებული ვაქცინა არის კარგი ხარისხის და აღნიშნა, რომ მოსახლეობას შეუძლია, ჩაიტაროს ვაქცინაცია.

„არ გეუბნებით, რომ ვაქცინაცია ახლა ძალიან დაგვიანებულია, თუმცა მის ამოქმედებას ორი კვირა მაინც სჭირდება. საუკეთესო პერიოდი ვაქცინაციისთვის არის გვიანი შემოდგომა, ოქტომბერ-ნოემბერი, ეს არის საუკეთესო პრევენცია. ვაქცინები დარჩენილია და მოსახლეობას შეუძლია, ჩაიტაროს ვაქცინაცია, თუმცა შესაძლოა, მან მუშაობა ვერ მოასწროს. რაც შეეხება საქართველოში არსებულ მდგომარეობას, საქართველოში ეს ჩვეულებრივი გრიპის სეზონია, როგორც არის რეგიონის სხვა ქვეყნებში, არაფერი განსაკუთრებული ამ ეტაპზე არ ხდება“, – განაცხადა მარიან ივანუშამ.