ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი - მომავალ ზამთარს კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღაა მოსალოდნელი
ევროპაში მომავალ ზამთარს კორონავირუსის მეორე, უფრო მომაკვდინებელი ტალღაა მოსალოდნელი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ექიმმა ჰანს კლუგემ გამოცემა „ტელეგრაფისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
ჰანს კლუგეს თქმით, ევროპული ქვეყნები უნდა მოემზადონ კორონავირუსის მეორე მომაკვდინებელი ტალღისთვის, რადგან „კოვდ-19“-ის პანდემია დასრულებული არ არის. მისი თქმით, „ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა“.
ექიმი კლუგეს თქმით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია კორონავირუსის შემთხვევების კლება არ ნიშნავს, რომ პანდემია დასასრულს უახლოვდება. მისი თქმით, ევროპაში ეპიდემიის ეპიცენტრს რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილი წარმოადგენს. კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მზარდია რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსსა და ყაზახეთში.
ჰანს კლუგე ქვეყნებს ურჩევს, აღნიშნული დრო გამოიყენონ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები გააძლიერონ, ასევე გაზარდონ საავადმყოფოების, ინტენსიური თერაპიის განყოფილებების შესაძლებლობები.
„სინგაპურმა და იაპონიამ დასაწყისშივე გააცნობიერეს, რომ ახლა არა ზეიმის, არამედ მზადების დროა. სწორედ ამას აკეთებენ სკანდინავიური ქვეყნები – ისინი არ გამორიცხავენ მეორე ტალღას, თუმცა იმედოვნებენ, რომ მის ლოკალიზებას და სწრაფად გადალახვას შეძლებენ“, – განაცხადა კლუგემ.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ინტერვიუში განაცხადა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა შესაძლოა, სხვა ინფექციური დაავადებების ეპიდემიებს დაემთხვეს.
„ძალიან შეშფოთებული ვარ მეორე ტალღის გამო – შემოდგომით, ჩვენ შესაძლოა, „კოვიდ-19“-ის მეორე ტალღა და სეზონური გრიპისა და წითურის კიდევ ერთი ტალღა ვიხილოთ. ორი წლის წინ ჩვენ გვყავდა 500 ათასი ბავშვი, რომლებსაც წითურის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა არ ჰქონდათ გაკეთებული“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
„ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ პანდემიების დროს ქვეყნებს, რომლებიც არ დაზარალდნენ ადრეულად, შესაძლოა, მეორე ტალღა დაატყდეთ თავს“, – ამბობს ჰანს კლუგე „ტელეგრაფთან“ საუბარში.
ექიმი კლუგეს თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის ან ვაქცინის არარსებობა ნიშნავს, რომ შეზღუდვების ნებისმიერი მოხსნა უნდა მოხდეს სიფრთხილით და ეტაპობრივად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული დირექტორის თქმით, პანდემიამ დაანახა მსოფლიოს, რომ ჯანდაცვა უნდა იყოს პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტი.
„ჩვენ ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ჯანდაცვა ეკონომიკური კეთილდღეობის მამოძრავებელი ძალაა, თუმცა სინამდვილეში, სადაც არ არის ჯანმრთელობა, არ არის ეკონომიკა“, – აღნიშნა ჰანს კლუგემ.
„ეს არის გაკვეთილი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვა იმსახურებს ადგილს დღის წესრიგის სათავეში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა.