ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ განმეორებითი ბუსტერდოზების სტრატეგია ახალი შტამის წინააღმდეგ ვერ იქნება ქმედითი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ განმეორებითი ბუსტერდოზების სტრატეგია ახალი შტამის წინააღმდეგ ვერ იქნება ქმედითი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები აცხადებენ, რომ განმეორებითი ბუსტერდოზების სტრატეგია ახალი შტამის წინააღმდეგ ვერ იქნება ქმედითი. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მრჩეველთა ჯგუფის სპეციალისტები ავრცელებენ, რომლებიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე მუშაობენ.

„ვაქცინაციის სტრატეგია, რომელიც დაფუძნებულია განმეორებით ბუსტერდოზების გაკეთებაზე, ვერ იქნება სათანადო და მდგრადი“, – ნათქვამია ექსპერტთა ჯგუფის განცხადებაში.

მათივე თქმით, წინასწარი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ დღეს არსებული ვაქცინები „კოვიდ-19“-ის ახალი შტამით, „ომიკრონით“ ინფიცირების პრევენციის კუთხით ნაკლებად ეფექტურია. თუმცა, ეს ვაქცინები კვლავ იცავს ინფიცირებულს დაავადების მძიმე ფორმის განვითარებისგან.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აუცილებელია, ისეთი ვაქცინების შექმნა, რომლებიც უკეთ შეძლებენ ინფიცირებისა და „კოვიდ-19“-ის გადაცემის პრევენციას. თუმცა, მსგავსი ვაქცინების შექმნამდე და იმის გათვალისწინებით, რომ „კოვიდ-19“-ის ვირუსი იცვლება, არსებული ვაქცინები უნდა განახლდეს, რათა მათ შეძლონ სათანადო დაცვა „ომიკრონის“ და სხვა მომავალი შტამებისგან.