ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ჰაერიდან გავრცელება გამორიცხული არ არის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ჰაერიდან გავრცელება გამორიცხული არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში 230-ზე მეტმა მეცნიერმა ერთობლივი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებენ, რომ კორონავირუსის ჰაერიდან გადაცემის შესაძლებლობა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სათანადოდ შეფასებული არ არის.
ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფექციურ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, ბენედეტა ალეგრანციმ განაცხადა, რომ კორონავირუსის ჰაერიდან გადაცემის მტკიცებულებები ჩნდება, თუმცა ჯერ დამტკიცებას საჭიროებს.
„საჯარო სივრცეებში, განსაკუთებით ძალიან სპეციფიკურ პირობებში, ხალხმრავალ, დახურულ, ცუდი ვენტილაციის მქონე ადგილებში ჰაერიდან გადაცემის შესაძლებლობა არ არის გამორიცხული“, – განაცხადა ალეგრანციმ და დასძინა, რომ ჯერ კიდევ არ არის შეგროვებული საკმარისი მტკიცებულებები.
აქამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებდნენ, რომ „კოვიდ-19“-ის მსგავსი რესპირატორული დაავადება ვრცელდებოდა ძირითადად ინფიცირებული ადამიანის დაცემინების ან დახველების დროს გამოყოფილი წვეთებით.
„ჩვენ გვსურდა, რომ მათ ეღიარებინათ მტკიცებულებები. ეს არ არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე თავდასხმა. ეს არის მეცნიერული დებატები. თუმცა ვფიქრობთ, ჩვენი პოზიცია უნდა გაგვესაჯაროვებინა, რადგან ისინი უარს ამბობდნენ, მოესმინათ მტკიცებულებები“, – განუცხადა სააგენტო „როიტერს“ კოლორადოს უნივერსიტეტის მეცნიერმა ხოსე ხიმენესმა, რომელიც მეცნიერთა ერთობლივი წერილის ერთ-ერთი ხელმომწერია.