ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ „ფაიზერისა” და „ბიონტექის” ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის წინააღმდეგ „ფაიზერისა” და „ბიონტექის” ვაქცინა საგანგებო მოხმარებისთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ვაქცინის საგანგებო გამოყენებისთვის დამტკიცება ნიშნავს, რომ წევრ ქვეყნებს შეუძლიათ, დააჩქარონ ვაქცინის დამტკიცებისა და იმპორტისთვის გათვალისწინებული საკუთარი მარეგულირებელი პროცედურები. აღნიშნული გადაწყვეტილება ასევე შესაძლებლობას მისცემს იუნისეფსა და ჯანდაცვის პანამერიკულ ორგანიზაციას, შეიძინონ და გაავრცელონ ვაქცინა დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში.
„ეს არის ძალიან პოზიტიური ნაბიჯი „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე გლობალური წვდომის უზრუნველყოფისთვის, თუმცა მინდა, ხაზი გავუსვა უფრო მეტი გლობალური ძალისხმევის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ვაქცინების საკმარისი რაოდენობა მთელს მსოფლიოში მოსახლეობის პრიორიტეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწემ, მარიანგელა სიმაუმ.