ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ინდური წარმოების ვაქცინა „კოვაქსინი“ გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ინდური წარმოების ვაქცინა „კოვაქსინი“ გადაუდებელი მოხმარებისთვის დაამტკიცა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ვაქცინა ინდოეთის ხელისუფლებამ მოხმარებისთვის იანვარში დაამტკიცა. „კოვაქსინი“ ინდური ბიოტექნოლოგიური კომპანიის „ბარატ ბიოტექის“ მიერაა შექმნილი და კორონავირუსის მიმართ 78-პროცენტიანი ეფექტიანობა გააჩნია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ტექნიკურმა საკონსულტაციო ჯგუფმა დაადგინა, რომ ვაქცინა კორონავირუსისგან დაცვის კუთხით ორგანიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს და ვაქცინის სარგებელი ბევრად აღემატება რისკებს.
საკონსულტაციო ჯგუფმა ინდური ვაქცინით აცრა 18 წელს ზემოთ ასაკის პირებისთვის დაუშვა ორი დოზით, ოთხკვირიანი ინტერვალით.
გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მეორე დოზით აცრიდან 14 დღის შემდეგ ვაქცინას 79 %-იანი ეფექტიანობა აქვს კორონავირუსის ნებისმიერ სახეობაზე.