ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ვირუსის შესაჩერებლად შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ყველა ქვეყანას მოუწოდებს, კორონავირუსის შესახებ ცნობები მიაწოდონ.
ამის შესახებ განცხადება ტედროს გებრეიესუსმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, მსოფლიოს ახლა აქვს „შესაძლებლობის ფანჯარა, რომ ვირუსი შეაჩეროს“.
„მოვუწოდებ ყველა წევრ ქვეყანას, გაუზიაროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დეტალური ინფორმაცია, მათ შორის ეპიდემიოლოგიური სურათი, კლინიკური სიმძიმე და კვლევების შედეგები“, – ნათქვამია გებრეიესუსის განცხადებაში.
მისივე თქმით, ამ ინფორმაციის გარეშე ძალიან რთული შესაფასებელი იქნება, როგორ ვრცელდება ვირუსი ან რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ეპიდაფეთქებამ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ 22-მა ქვეყანამ მიაწოდა ინფორმაცია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შესახებ, თუმცა როგორც გებრეიესუსი აცხადებს, აუცილებელია, რომ ეს ზომები მოკლევადიანი და პროპორციული იყოს.
მისივე ცნობით, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ექსპერტები უახლოეს ხანში კიდევ ერთხელ ჩავლენ ჩინეთში.