ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია კორონავირუსით იმ ადამიანების ინფიცირების გამო, რომლებსაც დაავადებულებთან აშკარა კონტაქტი არ ჰქონიათ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებულია აშკარა კავშირის გარეშე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გამო. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საზღვრებს გარეთ კორონავირუსით ინფიცირებულების რიცხვი შედარებით მცირეა, ჩვენ შეშფოთებული ვართ ვირუსით ინფიცირების იმ შემთხვევების გამო, რომლებსაც აშკარა ეპიდემიოლოგიური კავშირი არ აქვთ. მაგალითად, იმ ადამიანების დაინფიცირებით, რომლებიც არ ყოფილან ჩინეთში და დაინფიცირებულ პაციენტთან აშკარა კონტაქტი არ ჰქონიათ“, – აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ „ტვიტერზე“ გაავრცელა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ ამ დრომდე 26 ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 200 შემთხვევა ფიქსირდება. დაღუპულია რვა ადამიანი.
როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იუწყება, ინფიცირებულების 80 პროცენტს ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვს. საშუალო და მძიმე კრიტიკული მდგომარეობა პაციენტების 20 პროცენტს უფიქსირდება. ფატალური შემთხვევები კი დაინფიცირებულების სრული მაჩვენებლის ორ პროცენტს შეადგენს. ორგანიზაციის ცნობით, გარდაცვალების რისკი ხანდაზმულებში გაცილების დიდია.