ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ქვეყნები მზად უნდა იყვნენ, რომ ვირუსი მათ კარზე დააკაკუნებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, კორონავირუსის წინააღმდეგ მზადყოფნა გააძლიერონ. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციის პრესსიკერმა, კრისტიან ლინდმეიერმა ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრები ამჟამად რომში იმყოფებიან, სადაც იტალიის მიერ ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებულ ზომებს აფასებენ.
ამასთან, ორგანიზაციის წევრების მიერ ირანში დაგეგმილი ვიზიტი გაურკვეველი დროით გადაიდო.
„ახლა ვხედავთ მოვლენების იმ სცენარით განვითარებას, რაზეც რამდენიმე კვირის განმავლობაში ვსაუბრობდით და ვაფრთხილებდით ყველას, რომ ქვეყნები უნდა იყვნენ მზად, რომ ვირუსი მათ კარზე დააკაკუნებს. სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს მზად, უნდა ჰქონდეს გავლილი ტრეინინგი და მოსახლეობის დასაცავად ზომები უნდა იყოს მიღებული“, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა.
ლინდმეიერის თქმით, ბევრ სახელმწიფოს პანდემიის შემთხვევაში, სამოქმედო გეგმა უკვე შემუშავებული აქვს, ნაწილი კი, მოვლენების განვითარების მიხედვით მოქმედებს. მისივე განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რაიმე მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას უახლოეს ხანში არ აპირებს.