ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს ურჩევს, კლინიკურად დატესტონ მცენარეული სასმელი, რომელსაც მადაგასკარის პრეზიდენტი კორონავირუსის სამკურნალოდ მოიაზრებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მთავრობებს ურჩევს, კლინიკურად დატესტონ მცენარეული სასმელი, რომელსაც მადაგასკარის პრეზიდენტი ანდრი რაძოელინა კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად მოიაზრებს.
გავრცელებული ცნობით, ნაყენი, რომელზეც რაძოელინა საუბრობს, მიიღება არტემისიისგან (ავშანი, აბზინდა), მცენარისგან რომელსაც მალარიის საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია და სხვა ენდემური მცენარეებისგან. მადაგასკარის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნაყენის დარიგებას დასავლეთ აფრიკასა და მის მიღმა შეძლებს. ის ირწმუნება, რომ მცენარეული სასმელი „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულ პაციენტებს ათ დღეში კურნავს.
ეკვატორულმა გვინეამ, გვინეა-ბისაუმ და ნიგერმა აღნიშნული წამლის პარტია მიიღეს. დაინტერესება გამოთქვა ტანზანიამ.
თუმცა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გაფრთხილებას იძლევა, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ მცენარეულ ნაყენთან დაკავშირებით გამოქვეყნებული არ არის მეცნიერული კვლევა და მისი ეფექტი შემოწმებული არ არის. ორგანიზაცია მადაგასკარს მოუწოდებს, ჩაატაროს კლინიკური გამოცდა.