ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - მეექვსე კვირაა, რაც მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, უკვე მეექვსე კვირაა, რაც მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რაოდენობა 11 პროცენტით შემცირდა.
კვირის განმავლობაში მსოფლიოში ვირუსის 2,4 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა და 66 000 ადამიანი დაიღუპა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით, 20 პროცენტით ნაკლებია.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 110,7 მილიონი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსის გავრცელების კუთხით, პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას მოსდევს ბრაზილია, საფრანგეთი, რუსეთი და ინდოეთი.