ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კომპანიებსა და მთავრობებს მოუწოდებს, დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება გაზარდონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კომპანიებსა და მთავრობებს მოუწოდებს, დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის წარმოება გაზარდონ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გავრცელების ფონზე დამცავი სამედიცინო აღჭურვილობის გლობალურ დეფიციტსა და ფასების ზრდას ელოდება.

ორგანიზაცია კომპანიებსა და მთავრობებს აღნიშნული აღჭურვილობის წარმოების 40%-ით გაზრდისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციის მონაცემებით, კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ქირურგიულ ნიღბებზე ფასები ექვსჯერ გაიზარდა, რესპირატორებზე – გასამმაგდა, ხოლო სამედიცინო დამცავ ხალათებზე – გაორმაგდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სამედიცინო სფეროს მუშაკებს ყოველთვიურად 89 მილიონი ნიღაბი, 76 მილიონი ხელთათმანი და 1,6 მილიონი დამცავი სათვალე სჭირდებათ.

კორონავირუსის ახალი ტიპი უკვე 80-მდე ქვეყანაშია გავრცელებული. ჩინეთის შემდეგ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსის ახალი ტიპის COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევებიდან ფატალურად დაახლოებით 3,4% სრულდება, რაც აღემატება სეზონური გრიპის სიკვდლიანობის ერთპროცენტიან მაჩვენებელს. ამის მიუხედავად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ ვირუსის გავრცელების შეჩერება შესაძლებელია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსის ახალი ტიპით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ორიდან ოთხ პროცენტამდე მერყეობს, რაც იმ ქვეყანაზეა დამოკიდებული, სადაც ვირუსია გავრცელებული. ამასთან, რეალური სიკვდილიანობა შესაძლოა, ბევრად ნაკლები იყოს, თუ გავითვალისწინებთ, კორონავირუსის ათასობით დაურეგისტრირებელ მსუბუქ შემთხვევას.