ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ანტისხეულების სისხლში არსებობა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ პაციენტს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - ანტისხეულების სისხლში არსებობა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ პაციენტს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ანტისხეულების სისხლში არსებობა არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ პაციენტს კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ჯანდაცვის საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკ რაიანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი თქმით, ჯანდაცვის ორგანიზაციას არ აქვს მტკიცებულება, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამოუმუშავდა.

„არსებობდა მოლოდინი, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს გამოუმუშავდებოდა იმუნიტეტი და მოქალაქეების დიდი ნაწილს სისხლში ანტისხეულები ექნებოდა. თუმცა, ვფიქრობ მტკიცებულებები ამის საწინააღმდეგოდ მიუთითებს. ასე რომ, ეს ვერ გადაჭრის პრობლემას, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ელოდებოდა“, – განაცხადა რაიანმა.

როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი ქრის დაი „სიენენთან“ ინტერვიუში აცხადებს, ანტისხეულების ტესტების შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება.

„ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ მოქმედებს იმუნიტეტი „კოვიდ-19“-თან ურთიერთქმედებისას. ამიტომ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მართალია, როდესაც ამბობს, რომ ანტისხეულებზე ტესტი, 100 პროცენტით არ არის საკმარისი იმის სათქმელად, რომ ადამიანს ინფექციაზე იმუნიტეტი აქვს“, – განაცხადა რაიმ.

მისივე თქმით, ქმედითი ანტისხეულების ტესტების შექმნამდე საჭირო იქნება ექსპერიმენტული ცდების ჩატარება და ადამიანის ორგანიზმის საპასუხო რეაქციის უფრო დეტალური კვლევა.