ჯანდაცვის მინისტრსა და სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს
ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ოჯახის ექიმების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერებაა.
ეკატერინე ტიკარაძე კომპანიების მხრიდან მოისმენს, რა ფორმით შეიძლება, კერძო დაზღვევის ოჯახის ექიმები ონლაინკლინიკების მუშაობაში ჩაერთონ.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, სადაზღვეო კომპანიებს დატრენინგებული და პროფესიონალი ოჯახის ექიმები ჰყავთ.
„მდგომარეობა ნამდვილად არ არის მარტივი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჯანდაცვის სისტემა თავისი ორგანიზებულობით, რეჟიმითა და ერთობით შეძლებს, კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ ნამდვილად არის იმ ნდობის ღირსი, რომელიც ჩვენი მოსახლეობისგან გვაქვს. თქვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება გაქვთ ონლაინკლინიკების მართვის კუთხით, გყავთ საკმაოდ დატრენინგებული და პროფესიონალი ოჯახის ექიმები და დღეს დგას ის საკითხი, როდესაც არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თქვენს ბენეფიციარებს, ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროება გამართული ინფრასტრუქტურა, სწორად დატრენინგებული ექიმები. ამასთან დაკავშირებით მინდა თქვენი მზაობა.
ინფიცირებულების ნაწილი დაზღვეულია და ამ პაციენტებისთვის კოორდინირებული მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას შეეხება დღეს ჩვენი შეხვედრა. მინდა, თითოეულმა თქვენგანმა დააფიქსიროს თავისი შესაძლებლობები, ასევე, რა კომპონენტში გჭირდებათ სახელმწიფოს ჩართულობა, ვინაიდან არ ვფიქრობთ, რომ ეს ცალმხრივი დახმარებაა. ჩვენ მზად ვართ, თქვენს გვერდით ვიდგეთ იმ რესურსით, რომელიც გვაქვს, რომ დროულად მივიდეთ ქმედით ნაბიჯებამდე და გადაწყვეტილებამდე“, – განაცხადა ტიკარაძემ შეხვედრაზე.