ჯანდაცვის მინისტრი კახეთის რეგიონის კლინიკების მენჯერებსა და ექიმებს შეხვდა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან მოქმედი პროტოკოლი განიხილა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე ძირითად განსახილველ თემას ინფიცირების მოსალოდნელი აღმავალი ტალღის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა წარმოადგენდა. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე. თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი.
ეკატერინე ტიკარაძე დღეს, თელავში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მობილურ ამბულატორიებში არის შესაძლებელი. მან მობილური ამბულატორია, სადაც მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობდა, „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯერებსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე მოინახულა.
მინისტრის თქმით, მთავარი პირობა, რაც მრავალფეროვან ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას ეხება, მობილურ ამბულატორიებშიც დაცულია.
„კახეთის რეგიონი აქტივობისთვის ვაქცინაციის დაბალი პროცენტულობის მაჩვენებელისა და ტურისტების მაღალი ნაკადის გამო შეირჩა.
„მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში შედგა და ყველა რეგიონს მოიცავს.
შეხვედრები Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.