პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება, ვაქცინაციის მნიშვნელობა და ინფექციური დაავადებების პრევენცია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმდინარეობა და სიახლეები – ამ თემებზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმერეთში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებსა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორსა და ქალაქების მერებს ესაუბრა.
ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა საზოგადოებას პირველად წარუდგინა ეგრეთწოდებული „მოქალაქის პორტალი“– citizen.moh.gov.ge, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერ მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ჯანდაცვის პროგრამებითა და სერვისებით სარგებლობის შესახებ.
პერსონალური მონაცემების დადასტურების შემდეგ მოქალაქე იგებს, რა სახის პაკეტით სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, კონკრეტული საჭიროების დროს როგორია დაფინანსება და ხარჯები, რომელ სამედიცინო დაწესებულებებში მიიღებს სასურველ მომსახურებას და სხვა.
იმერეთის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა ქუთაისელი ექიმების პროფესიონალიზმს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მისი ბაბუა გუბერნიის ექიმი იყო.
„ქუთაისში ყოველთვის შესანიშნავი ექიმები იყვნენ. ამას ზრდილობის გულისთვის არ ვამბობ. ჩემი საექიმო კარიერაც გენეტიკურად აქ არის დაწყებული. ჩემი ბაბუა გუბერნიის ექიმი იყო,” – განაცხადა მინისტრმა.
დავით სერგეენკოს განცხადებას იმერეთის გუებრნატორმა რეპლიკით უპასუხა: “ჩვენც გვაქვს თქვენთვის ადგილი გუბერნიაში”.
ანალოგიურ შეხვედრებს ჯანდაცვის მინისტრი აჭარასა და სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეშიც მართავს.