ჯამბულ ბახტაძე - ბინა რომ შევიძინე, გენგეგმაში იყო სკვერი, შადრევანი, ახლა კი წინ 25–სართულიანი მონსტრი უნდა აშენდეს
2010 წელს, როცა ცინცაძის ქუჩაზე ბინა შევიძინე, დამტკიცებული გენგეგმა შევისწავლე. აქ იყო სკვერი, შადრევანი, პარკინგის ადგილი. თურმე, 2014 წელს ეს ადგილი, 2400 კვ.მ. ამოუჭრიათ და ჩვენი სახლის წინ, სადაც პატარა გზამ უნდა გაიაროს, 7 მეტრში 25–სართულიანი მონსტრი უნდა აშენდეს, – ამის შესახებ დაზარალებულმა მოქალაქემ ჯამბულ ბახტაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„13–სართულიან სახლში ვცხოვრობ, რომელიც ჩაბარებულიც კი არ არის. ეს მიწა ჩაბარების წინ უნდა გადაეცათ და სახლი ჩაბარდებოდა. ახლა მისი ჩაბარების პერსპექტივაც არ არის. აღმოჩნდა, რომ ავტოსადგომზე მისასვლელი გზაც კი გაუსხვისებიათ. ვინ რა გაყიდა, რატომ გაყიდა და ა.შ, არაფერი ვიცით, – განაცხადა ჯამბულ ბახტაძემ.
მისი თქმით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სასამართლოს უკვე მიმართეს და ამჟამად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში არიან.
„სასამართლოს უკვე მივმართეთ და პროცესს ველოდებით, რომ რამდენიმე დღეში რაღაც გადაწყვეტილება მიიღონ. ეს ყველაფერი აზრად ვის მოუვიდა, არ ვიცით. დიდი იმედი გვაქვს, მერიის ახალი ხელმძღვანელობა და მაჟორიტარი დეპუტატი ამ საკითხს გადაწყვეტს, რომლებიც საქმის ძირფესვიანად შესწავლას შეგვპირდნენ“, – განაცხადა დაზარალებულმა მოქალაქემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა იქნება ადგილობრივი მოსახლეობის შემდეგი ნაბიჯი, თუ 25–სართულიანი სახლის მშენებლობა ისევ გაგრძელდა, ჯამბულ ბახტაძემ თქვა, რომ უნდა მოიძებნოს ძირითადი დოკუმენტი, თუ ვინ მოაწერა ხელი მიწის ნაკვეთის გასხვისებას.
„ყველაფერი თანხაზეა დამოკიდებული. ჩვენ კი, უკვე ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა გვაქვს. უნდა შევაწუხოთ მერია და ჩვენი დეპუტატი, რომელიც ძალიან ენერგიული ახალგაზრდაა“, – განაცხადა ჯამბულ ბახტაძემ.