უჩა ზაქაშვილი - თუ კარგ კანონს, ან გენგეგმას მივიღებთ, ის უნდა შევასრულოთ კიდეც
უჩა ზაქაშვილი - თუ კარგ კანონს, ან გენგეგმას მივიღებთ, ის უნდა შევასრულოთ კიდეც

ქაოტური მშენებლობების წარმოების წინ ძირითადი პრობლემა ისაა ხოლმე, რომ ქალაქმშენებლობითი დოკუმენტები ყოველდღიურად იცვლება, – ამის შესახებ სამართლის დოქტორმა და სამშენებლო სამართლის ლექტორმა უჩა ზაქაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მასში ცვლილებების შეტანა ძალიან ადვილად ხდება. დღეს რაღაც ინიციატივები არის, რომ ეს ასე აღარ იქნება. თუმცა, დღევანდელ მდგომარეობამდე სწორედ ამან მოგვიყვანა. ასეთი დოკუმენტები მშენებლობის კონსტიტუციაა და წარმოვიდგინოთ, ქვეყნის კონსტიტუცია თვეში 200–ჯერ რომ შევცვალოთ, ხომ არასერიოზული სახელმწიფო ვიქნებით?! იგივე ხდება მშენებლობასთან დაკავშირებითაც“, – განაცხადა ზაქაშვილმა.

მისი თქმით, ბიზნესი ყოველთვის ცდილობს, მეტი მშენებლობა აწარმოოს და მეტი სარგებელი მიიღოს, რაც ერთი მხრივ, მისასალმებელია. თუმცა, მეორე მხრივ, ინტენსიურად განაშენიანებულ უბნებში ფუნქციური ზონის შეცვლა და კოეფიციენტის გაზრდა შესაძლებელი არ უნდა იყოს.

უჩა ზაქაშვილმა ასევე თქვა, რომ 2016 წლის 24 მაისის შემდეგ, რაც ქალაქის ცენტრალურ და შუალედურ ზონაში კ2 კოეფიციენტის ზრდა აიკრძალა, ნუცუბიძის 49–ში და შარტავას ქუჩაზე კოეფიციენტი მაინც გაიზარდა.

„თუ კარგ კანონს, ან გენგეგმას მივიღებთ, ის უნდა შევასრულოთ კიდეც, ხოლო თუ შევცვლით, ამაზე დღესაც და სხვა გადაცემებშიც ტყუილად ვისაუბრებთ. თუ უკეთეს ქალაქში ცხოვრება გვინდა, რაც გვაქვს, ის უნდა დავიცვათ. ისევე – როგორც ახალი კანონები“, – განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.

როგორც სამართლის დოქტორმა და სამშენებლო სამართლის ლექტორმა აღნიშნა, ევროპაში კოეფიციენტებით ვაჭრობის შესახებ არაფერი სმენიათ.

„სამშენებლო სამართალთან დაკავშირებით მუშაობის დროს, როცა კოლეგებთან ვამბობ, რომ ჩვენს ქვეყანაში კოეფიციენტებით ვაჭრობის პრობლემაა, ისინი ამას რამდენიმე წუთიანი დუმილით ხვდებიან, რადგან ასეთი რამის შესახებ საერთოდ არ სმენიათ და შოკში არიან. შემდეგ ვუხსნი, რომ საქართველოში ასეთი პრაქტიკა არსებობს“, – განაცხადა უჩა ზაქაშვილმა.