ჯაბა სამუშია - არსებობს საქართველო-აზერბაიჯანის 1993, თუ 1994 წლის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრები არის ის საზღვრები, რაც საბჭოთა კავშირის დაშლისას იყო
ჯაბა სამუშია - არსებობს საქართველო-აზერბაიჯანის 1993, თუ 1994 წლის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრები არის ის საზღვრები, რაც საბჭოთა კავშირის დაშლისას იყო

არსებობს საქართველო-აზერბაიჯანის 1993, თუ 1994 წლის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრები არის ის საზღვრები, რაც საბჭოთა კავშირის დაშლისას იყო, – ამის შესახებ რუსთაველის ფონდის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მთავარი ჩარჩო ხელშეკრულება, რომლითაც საზღვრების გამიჯვნა ხდება, არის არა 1996 წლის ხელშეკრულება. 1996 წლის ხელშეკრულება ეყრდნობა წინა ხელშეკრულების მოთხოვნას. ეს არის საქართველო-აზერბაიჯანის 1993, თუ 1994 წლის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვრები არის ის საზღვრები, რაც საბჭოთა კავშირის დაშლისას იყო. იქვეა ჩანაწერი, რომ შემდგომ უნდა მოხდეს კონკრეტული ხელშეკრულების დადება, რაც არის სწორედ 1996 წლის ხელშეკრულება და იქ უნდა განსაზღვრულიყო, რაზე უნდა დაფუძნებულიყო, მაგრამ ჩარჩო ხელშეკრულება არის სწორედ ის, რომელიც სახელმწიფოებს შორის არის, რატიფიცირებულია და არის საფუძველთა საფუძველი. ანუ, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ის საზღვარი არის ჩვენი საზღვარი, აზერბაიჯანსა და ჩვენს შორის“, – განაცხადა სამუშიამ.

მისი თქმით, უნდა განისაზღვროს, იყო თუ არა ამ ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით, საბჭოთა კავშირის დაშლისას ჩვენს ტერიტორიაზე უდაბნოს მონასტერი და ჩიჩხიტურის კოშკი, რაც კომისიის პროფესიონალ წევრს, ჯანსუღ კეკელიას შესწავლილი ჰქონდა.

„კომისიის წევრს, ბატონ ჯანსუღ კეკელიას შესწავლილი ჰქონდა ეს საკითხი და საზღვრებთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო წიგნი გამოაქვეყნა. მან კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა, რადგან საზღვარი, რომელიც ზუსტად იმ ფერდზე გადიოდა, ამათ აიღეს და ქედზე გაატარეს“, – განაცხადა სამუშიამ.

როგორც სამუშიამ აღნიშნა, ჯანსუღ კეკელიამ წიგნი, „დავით გარეჯა“ 1981 წელს გამოსცა, როცა ნებისმიერი გამოცემა კატასტროფულ ცენზურას გადიოდა და წიგნზე თანდართულ რუკაზე უდაბნოს და ჩიჩხიტურის მონასტერი საქართველოს შემადგენლობაშია აღნიშნული.

„სხვათა შორის – უცხოელებისთვის, რადგან რუსულად და ინგლისურად არის გამოცემული და ჩვენ კარგად ვიცით, 1981 წელს უცხოელებისთვის გამოცემულ წიგნს რა ცენზურა სჭირდებოდა. ის კატასტროფულ ცენზურას გადიოდა. ამ წიგნს დართული აქვს რუკა, სადაც საქართველოს შემადგენლობაში მეექვსე ნომრით არის აღნიშნული უდაბნოს მონასტერი და მეცხრე ნომრით ჩიჩხიტურის მონასტერი, რომელიც საკმაოდ კარგადაა დაშორებული საქართველოს საზღვარს. ეს ისტორია რომ გავაგრძელოთ, 70-წლებში დაარსდა დავით გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალი. უდაბნოს მონასტერი ამ ნაკრძალის ნაწილია. მეტიც, საქართველოს ბიუჯეტი პირდაპირ აფინანსებდა უდაბნოს მონასტერში სარესტავრაციო სამუშაოებს“, – განაცხადა სამუშიამ.

ჯაბა სამუშაიამ ასევე განაცხადა, რომ კომისიაში ისტორიკოსთა დასკვნებს ვერ ხედავს, მხოლოდ კარტოგრაფიულ მასალებზე დაყრდნობა კი არ შეიძლება.

„2010-ში რომ ეს პროცესები იყო, მოვიკითხე ისტორიული დასკვნა, მანახეთ მეთქი. შეიძლება, ისტორიულ-გეოგრაფიული დასკვნა იყოს, მაგრამ ეს არაფრის მომცემი არ არის. კომისიის მუშაობაში აუცილებელია უახლოესი პერიოდის ისტორიული დასკვნა, ყველა დოკუმენტის და შეთანხმების შეკრებით“, – განაცხადა სამუშიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ იყო კომისიაში ეს მდგომარეობა, რაზეც საუბრობს, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ კომისიაში პროფესიონალები მიზანმიმართულად არ შეიყვანა.

„კომისიაში დარგის სპეციალისტთა არშეყვანით მივიღეთ ის რეალობა, რაც დღეს გვაქვს და ეს მარტო უდაბნოს მონასტერთან დაკავშირებით არ არის. იგივე ე.წ წითელი ხიდი, როსტომ მეფის ხიდის ადგილიც კითხვის ქვეშაა დაყენებული“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.