თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნური ინტელექტის საუნივერსიტეტო სტრატეგიაზე მუშაობს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უკვე რამდენიმე თვეა, ხელოვნური ინტელექტის განვითარების საუნივერსიტეტო სტრატეგიაზე მუშაობს. პირველადი შედეგების განხილვის მიზნით, სამუშაო შეხვედრა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებსა და ფაკულტეტების დეკანებთან გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს თანამედროვე ტექნოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით უნივერსიტეტის განვითარების ახალი ეტაპი და ის შესაძლებლობები, რასაც ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია მოუტანს როგორც სასწავლო და კვლევით პროცესს, ისე უნივერსიტეტის ადმინისტრირების პროცესების გაუმჯობესებას.
„ხელოვნური ინტელექტის სწორად მართვა და განათლების სისტემაში მისი ინტეგრირება უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რომელსაც უნივერსიტეტმა თანამედროვე მიდგომებით უნდა უპასუხოს. ჩვენი მიზანია, თსუ გახდეს ერთ-ერთი ლიდერი ხელოვნური ინტელექტის ცოდნის, პრაქტიკის და ეთიკური გამოყენების გავრცელებაში საქართველოში“, – აღნიშნა რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია მიზნად ისახავს სხვადასხვა ფაკულტეტისა და სტრუქტურის ჩართულობით ინოვაციური მიდგომების დანერგვას. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია სპეციალიზებული სამუშაო ჯგუფების შექმნა, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა.
ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.