ივერი მელაშვილი - ყველა ბრალდება შეუსაბამოა, ვფიქრობ, შედეგად, საქართველოს პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობა უფუჭდება
საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, მის წინააღმდეგ ბრალდება უსაფუძვლოა და პოლიტიკურად არის მოტივირებული.
„აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რაც საქმეშია, იმდენად შეუსაბამოა, რომ კითხვას აჩენს. აქ არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთა. წინასაარჩევნო პროცესი იყო, როდესაც მოხდა ბრალდების წამოყენება, დაკავება. თავი რომ დავანებოთ მელაშვილსა და ილიჩოვას, შედეგი არის, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან საქართველოს უფუჭდება ურთიერთობა, უბრალოდ ჩემი ანალიზის საფუძველი მაძლევს ამის თქმის უფლებას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
რაც შეეხება რუკის ვარგისიანობასთან დაკავშირებით ექსპერტიზას, მელაშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ დაახლოებით 1990-იანი წლების ბოლოს ჩატარდა რუკის ანალიზი, რა დროსაც მის არავარგისიანობაში დარწმუნდნენ.
„თავიდანვე მაქვს გაკეთებული განცხადება, რომ ამ რუკის გამოყენებაზე, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს თუ 2 000 წელი იყო, როდესაც ეს რუკა ვნახე და მაშინ ჩავუტარეთ ანალიზი. ეს არის პრაქტიკულად ექსპერტიზა და მაშინ დავრწმუნდით მის უვარგისობაში.
დღემდე 2014-2015 წლებში მიმდინარეობდა რაღაც განხილვები, მათ შორის მთავრობის დონეზე. დღემდე საწინააღმდეგო არ მომისმენია, გარდა იმისა, რომ სურვილი აქვს ვიღაცას, მძაფრი სურვილი, რომ აი, ეს რუკა თითქოს ჩვენი სასიკეთოა და აქედან გამომდინარე, რაკი სხვანაირად ხატია საზღვრის ხაზი, თითქოს საქართველომ რაღაც ტერიტორიები დაკარგა. ეს არის აბსურდი. ჯერ ანალიზი უნდა გააკეთო, რაც ხელთ გაქვს. ხიდაშელმა რაც ჩამოიტანა, პრინციპში იგივე რუკები ჩამოიტანა, უფრო მაღალი ხარისხის ქაღალდზე იყო ამონაბეჭდები და რაღაც ხაზების შედარება ჰქონდა გაკეთებული, მეტი იქ რამე სიახლე არ ყოფილა. ხიდაშელს მანამდე, ჯერ კიდევ საგარეო საქმეთა სამინისტროში შევხვდი. ასე რომ, ჩვენთვის რაიმე სიახლე არ ყოფილა“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.