ივერი მელაშვილი აცხადებს, რომ დღეს გამოკითხულ მოწმეს, ლევან ჯღარკავას აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხზე არსებით განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია
დავით გარეჯის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის განცხადებით, ლევან ჯღარკავას, რომელიც 2006-2008 წლებში სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის წევრი იყო, აზერბაიჯანთან საზღვრის საკითხზე არსებით განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია.
„ლევან ჯღარკავა იყო სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის წევრი. მას აზერბაიჯანთან დაკავშირებით არსებით განხილვებში მონაწილეობა არ მიუღია. ისე აეწყო, დიდი ხანი არც ყოფილა კომისიის წევრი. შეხვედრებამდე მიდიოდა წინასწარ განხილვები მეორე მხარესთან, მაგრამ ლევანი იმ დროს იყო კომისიის წევრი, რომ აზერბაიჯანთან არც გამართულა სხდომა და შესაბამისად, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, არ მიუღია არსებით განხილვებში მონაწილეობა. მან ეს განაცხადა კიდეც სხდომაზე. ეს ჩვეულებრივი ამბავია. კომისიაში საკმაოდ ბევრი წევრი იყო წლების განმავლობაში და იცვლებოდნენ, ეს ჩვეულებრივი პროცესია.
ჩიჩხიტური და არმისული ჩიჩხიტურამდე მონაკვეთი შეუთანხმებელია. აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა მეორე მხარესთან, შესაბამისად, გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. ახლა ეს მოწმე აზერბაიჯანის მონაკვეთებთან საერთოდ არაფერ შუაში არ არის იმიტომ, რომ არ მიუღია მონაწილეობა, სხდომა არ გამართულა იმ პერიოდში, როდესაც ის იყო კომისიის წევრი“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.
ივერი მელაშვილის ადვოკატის, გიორგი მშვენიერაძის განცხადებით, გაუგებარია ლევან ჯღარკავას გამოკითხვის მიზანი, ვინაიდან მას აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია.
„მოწმე ლევან ჯღარკავა, რომელიც დღეს თბილისის მუნიციპალური ფონდის ხელმძღვანელია, 2006-2008 წლებში იყო კომისიის წევრი. მას რეალურად დელეგაციებში მიღებული მონაწილეობა აქვს მხოლოდ რუსეთში განხორციელებული ვიზიტის დროს, სადაც ფსოუს მონაკვეთთან დაკავშირებით ქართულ მხარეს ჰქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას იცავდა ბატონი ივერიც. მოწმე ვერ იხსენებს რაიმე აქტიურ მონაწილეობას კომისიაში, თუმცა ადასტურებს, რომ კომისიაში იყო სამუშაო გარემო, ნებისმიერ წევრ ჰქონდა საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება და კომისიაში არც ერთი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ყოფილა მიღებული. სამწუხაროა, რომ იყო კომისიის წევრი და არ იცოდა სახელმწიფო საზღვრის შესახებ. უნდა წაეკითხა ან უნდა ჰქონოდა წაკითხული და ეს მიუთითებს იმაზეც, რომ შეიძლება ის არ უდგებოდა განსაკუთრებული გულისყურით ფუნქციას კომისიაში, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველია, რას ემსახურებოდა მისი გამოკითხვა, რადგანაც რაიმე სახით, რომელიც გამოკვეთდა ბრალეულობას, არ წარმოუდგენია“, – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის განცხადებით კი ბრალდების მხარე პროცესის მაქსიმალურად გაწელვას ცდილობს.
„დაიკითხა მოწმე, რომლის საქმეში არ ყოფნითაც არაფერი შეიცვლებოდა. ამ მოწმეს აზერბაიჯანთან საზღვრის შეთანხმების პროცესში არ ჰქონია შეხება, ის ესწრებოდა რამდენიმე სხდომას რუსეთთან მიმართებაში. ამ ტემპით მე ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ამ სხდომების გაგრძელებას. ასეთი ტემპი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემაც იცის, აქ ვერ გამოიკვეთება რამე დანაშაული და მაქსიმალურად ცდილობს, გაიწელოს დაუსრულებლად. იმედი გვაქვს, მომდევნო სხდომაზე წარმოდგენილი იქნება შინაარსობრივი ინფორმაცია“, – განაცხადა ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.
საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, რომ დღეს გამოკითხული მოწმე სწორედ იმ პერიოდში იყო კომისიის წევრი, როდესაც ჩიჩხიტურის მონაკვეთი აზერბაიჯანულ მხარესთან საქართველოს ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
„მისი ჩვენება მნიშვნელოვანია სამართლებრივი შეფასებისთვის, რადგან უნდა შეფასდეს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. როდესაც ჩვენ ვიდეო და აუდიო მასალა გავასაჯაროეთ, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ჩიჩხიტურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონკრეტული მონაკვეთების შეთანხმებასთან არსებობდა წინააღმდეგობები, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც შედგა ეს შეთანხმება საქართველოს საზიანოდ. მოწმე სწორედ იმ პერიოდში იყო ამ კომისიის წევრი და წესით, ყველა საკითხის განხილვაში მით უმეტეს ამ კონკრეტული მონაკვეთის გადაწყვეტაში უნდა ყოფილიყო ჩართული, მაგრამ არ იყო. ის მხოლოდ მხოლოდ იმ პროცესებში მონაწილეობდა, რის თაობაზეც მოიწვევდნენ და ინფორმაცია წინმსწრებად ჰქონდა. კომისიის წევრმა არ იცოდა, რომ კონკრეტულ აზერბაიჯანთან კონკრეტულ მონაკვეთები უნდა შეთანხმებულიყო“, – განაცხადა პროკურორმა.