ივანე მაჭავარიანი - ვალის ასეთ დაბალ მაჩვენებელს ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა
ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა პარლამენტში ვალის მდგომარეობაზე საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში ვალი 45 პროცენტია. 41 პროცენტიდან ზრდა კურსის ვარდნამ გამოიწვია.
„უნდა აღინიშნოს, რომ თუ ლარი შედარებით უფასურდება დოლარში, ეს ყოველთვის ხდება. კითხვა ჩნდება, რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ნიშნული. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის საგანგაშო. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით არის დაბალი რისკის მქონე ვალის ნიშნული. კანონით ჩვენ გვაქვს 60 პროცენტიანი შეზღუდვა. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, რომ ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს. აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი ვალის 81 პროცენტი არის უცხოურ, მყარ ვალუტაში – დოლარში ან ევროში და ეს რასაკვირველია, ზრდის მოწყვლადობას. ამიტომ ჩვენი მიზანია, თანდათანობით, საგარეო ვალი ჩავანაცვლოთ ასე ვთქვათ, ადგილობრივი ვალებით. თუ ამას მივაღწიეთ 5-10 წლის განმავლობაში, მოწყვლადობას შევამცირებთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
მისი შეფასებით, ასეთ პირობებში მაჩვენებელი უფრო ჯანსაღი იქნება.
„ჩვენი ვალი 45 პროცენტიდან თუნდაც 55 პროცენტამდე რომ გაიზარდოს, ოღონდ კომპოზიცია შეიცვალოს და ლარში იყოს უფრო მეტი, ვიდრე დოლარში, ეს გაცილებით უფრო ჯანსაღი მაჩვენებელი იქნება გრძელვადიან პერიოდში“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.
ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში დღეს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.