ივანე მაჭავარიანი - უიმედო ვალების ჩამოწერა Vivus-ის კლიენტებზე არ გავრცელდება, რადგან კომპანიამ შეთანხმებაზე უარი განაცახადა
ახალი ინიციატივა, რომელიც უიმედო ვალების ჩამოწერას გულისხმობს, არ შეეხება ონლაინსესხების კომპანია Vivus-ის კლიენტებს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.
„Vivus-მა ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით უარი განაცხადა მონაწილეობაზე“, – აღნიშნა მინისტრმა.
მაჭავარიანის განმარტებით, 3 დეკემბრიდან მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ შემოწმება, შეეხებათ თუ არა ვალების ჩამოწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.