პაატა მანჯგალაძე - ერთობით თუ ერთობის გარეშე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რეჟიმს აუცილებლად შევცვლით
პაატა მანჯგალაძე - ერთობით თუ ერთობის გარეშე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რეჟიმს აუცილებლად შევცვლით

ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა რეჟიმის ცვლილებაში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, პარტია მხარს დაუჭერს ყველა ცვლილებას, რომელიც მოწოდებული იქნება საქართველოში მეტი დემოკრატიისთვის.

„ეს არის საზოგადოების დაკვეთა და მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში, ქართველ ხალხთან ერთად, მონაწილეობა მივიღოთ რუსული რეჟიმის ჩამოშორების პროცესში. ჩვენ გლობალურად ვუყურებთ დიდ სურათს, აქეთ არის ევროპა და ამერიკა, იქით არის ირანი, ჩრდილოეთ კორეა და რუსული ჭაობი. ჩვენ ასეთ დიდ სურათში ვხედავთ ამ პროცესს, დანარჩენი არის პოლიტიკური ბუღალტერია. ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ვერ იქნება ჩვენთვის გადამწყვეტი ფაქტორი. ჩვენ ვაფიქსირებთ ჩვენს მზაობას ერთობისა და ერთიანობისკენ. ნებისმიერ ფორმატში მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა რეჟიმის ცვლილებაში. ჩვენ ვუერთდებით ამ ქარტიას. ვიწროპარტიული დღის წესრიგი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ ვართ ხალხის დაკვეთის შემსრულებელი და ყველა ცვლილებას, რომელიც მოწოდებული იქნება საქართველოში მეტი დემოკრატიისთვის, ჩვენ მხარს დავუჭერთ. პარტიებს შორის არ არის აზრთა სხვადასხვაობა იმაში, რომ რეჟიმი არის რუსული. არავითარი სხვაობა არ არის, რომ ისინი მეგობრების და პარტნიორების გარეშე ტოვებენ საქართველოს. ასეთი რეჟიმის დატოვება ხელისუფლებაში დიდი ხნით არ შეიძლება, ამაზე ყველა შეთანხმებული ვართ, მათ შორის საზოგადოებაც. ამიტომ ცვლილებების დროა. ჩვენ, ერთობით თუ ერთობის გარეშე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რეჟიმს აუცილებლად შევცვლით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ორბელიანების სასახლესთან გამართულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი 26 ოქტომბერს დროებითი პარლამენტის არჩევისა და მთავრობის ახალი მოდელის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პოლიტიკური პარტიებისგან არ იქნება დაკომპლექტებული. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს „ქართულ ქარტიაზე“ ხელმოწერა შესთავაზა.