პედრო სანჩესი უკრაინა-ნატო-ს საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის
პედრო სანჩესი უკრაინა-ნატო-ს საბჭოს შექმნის ინიციატივით გამოდის

კიევში ვიზიტით მყოფი ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას უკრაინა-ნატო-ს საბჭო. ეს განცხადება სანჩესმა უკრაინას რადაში სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

„ჩვენ ვუახლოვდებით ნატო-ს სამიტს, რომელიც ვილნიუსში გაიმართება და იქნება გაგრძელება იმ ვალდებულებების, რომლებიც გასულ წელს ავიღეთ მადრიდში. ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინის პოლიტიკურ მონაწილეობას უკრაინა-ნატო-ს საბჭოს შექმნის გზით, სადაც ის აღარ იქნება მოწვეული, არამედ იქნება წევრი, სრულუფლებიანი წევრი“, – განაცხადა სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერი ასევე გამოვიდა ინიციატივით, გაუმჯობესდეს ნატო-სა და უკრაინას შორის პრაქტიკული თანამშრომლობა.

ასევე, ესპანეთის პრემიერმა განაცხადა, რომ მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისა და სკოლების ეკოლოგიურად სუფთა ენერგოსისტემებით უზრუნველყოფისთვის ესპანეთი უკრაინას 55 მილიონ ევროს გამოუყოფს. დაფინანსება მსოფლიო ბანკისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მეშვეობით განხორციელდება.