ივანე მაჭავარიანი - საინვესტიციო რეიტინგს ორიოდე ბიჯი გვაშორებს, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება ახალ სიმაღლეზე ავა
ივანე მაჭავარიანი - საინვესტიციო რეიტინგს ორიოდე ბიჯი გვაშორებს, რის შემდეგაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება ახალ სიმაღლეზე ავა

ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ საქართველოს ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა.

ფინანსთა მინისტრი დღეს ბრიფინგზე საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსის“ (Standart & Poor’s) მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაზრდას გამოეხმაურა.

„რამდენიმე საათის წინ, სარეიტინგო სააგენტომ „სტანდარტ ენდ ფუარს“ საქართველოს სუვერენული რეიტინგი ერთი ბიჯით  გააუმჯობესა – იყო BB მინუსი (BB-) და გახდა BB.  სულ ორიოდე ბიჯი გვაშორებს საინვესტიციო რეიტინგს, რის შემდეგაც შეიძლება, ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მისი განვითარება თვისობრივად შეიცვლება და თვისობრივად ახალ სიმაღლეზე ავა. თუმცა ამისთვის ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაკეთებელი, რათა ეს ორი ბიჯი მოვიპოვოთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრმა მედიასთან განმარტა, რაზე დაყრდნობით გააუმჯობესა სარეიტინგო კომპანიამ საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

„პირველ რიგში სააგენტო მიესალმება რეფორმებს, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. აქ არის ნახსენები რამდენიმე რეფორმა – განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა, ასევე მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა. მეორე მთავარი ფაქტორი, რატომაც გაუმჯობესდა რეიტინგი არის ის, რომ საქართველო განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ ამჟღავნებს ისეთ მდგრადობას, როგორი ხარისხიც მანამდე არ ყოფილა“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი ინფორმაციით, „სტანდრატ ენდ ფუარსის“ მიმოხილვა მოიცავს ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებს.

„ესეც აღნიშნულია და ინკორპორირებულია ამ მიმოხილვაში, რომ მიუხედავად მოლოდინებისა, რაც ზაფხულში გაჩნდა ტურისტთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია“, – განაცხადა ივანე მაჭავარანმა.

მინისტრი ხაზს უსვამს, რომ საინტერესოა, როგორც უყურებს სარეიტინგო კომპანია მომავალს, მაგალითად, 2019-2022 წლების მონაკვეთში.

„კომპანია ამბობს, რომ საქართველოს ექნება ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა, რეგიონულ მეზობლებთან შედარებით. ეს ემთხვევა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოსაზრებას. აქვე აღსანიშნავია, რომ ზოგადად, ის პოზიტიურად აფასებს ინსტიტუციურ გარემოს და მაგალითად მოყვანილიც აქვს, რომ ხელისუფლების შეცვლა მოხდა ჯანსაღ და მშვიდ გარემოში. ეს კიდევ ერთი ნიშანია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პოლიტიკური სტაბილურობა და სიმშვიდე ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „სტანდარტ ენდ ფუარსმა“ (Standart & Poor’s) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი საფეხურით, „BB“-მდე (ბიბი) გაზარდა, პროგნოზით „სტაბილური“. ეს პირველი გაუმჯობესებაა 2011 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოს რეიტინგი „BB-“ (ბიბი მინუსი) მიენიჭა.