საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s - საქართველომ ეფექტურად მართა გლობალური ინფლაციური შოკები
საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s - საქართველომ ეფექტურად მართა გლობალური ინფლაციური შოკები

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი Ba2-ზე უცვლელად დატოვა, ხოლო პერსპექტივა ნეგატიურიდან სტაბილურამდე გააუმჯობესა.

როგორც საქართველოს ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, Moody’s დადებითად აფასებს ქვეყნის ეკონომიკური ინსტიტუციების სიძლიერეს, რომელთაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ეკონომიკურ მდგრადობაში.

„საქართველოს Ba2 რეიტინგის შენარჩუნება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს და ასევე სხვა ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუციების სიძლიერის ასახვაა. აღნიშნულმა, გლობალური ინფლაციური შოკების ეფექტურ მართვასთან ერთად, 2022 და 2023 წლებში მოსალოდნელზე მაღალი ზრდა განაპირობა“, – ნათქვამია Moody’s-ის ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, რომელიც ქვეყნის მნიშვნელოვან სისუსტეს წარმოადგენს, სულ უფრო მცირდება.

„Moody’s-ს მიაჩნია, რომ დეფიციტის შემცირება სტრუქტურული ცვლილებებითაა გამოწვეული და ეს გაუმჯობესება გრძელვადიანია, რამდენადაც გაზრდილია როგორც სახელმწიფო დანაზოგები, ასევე კერძო დანაზოგები შემოსავლების ციკლური ზრდისა და სტრუქტურული საპენსიო რეფორმების გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, გლობალურ გამოწვევების ფონზე ჩვენი პოლიტიკის დროულმა და სათანადო პასუხებმა საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ უფრო მდგრადი გახადა.

„საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ინფლაციურ გამოწვევებს წარმატებით უპასუხა და შეინარჩუნა ფასების სტაბილურობა. სწორედ ამის შედეგია, რომ გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინები კარგადაა მართული. წამყვანი სარეიტინგო კომპანიის ანგარიში პოზიტიური სიგნალია ინვესტორებისთვის“, – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.