ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF-სსფ) წევრებს შეხვდა.
დელეგაციამ, რომელსაც ტექნიკური დახმარების სფეროში სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტის მრჩეველი კორსტიან ქული ხელმძღვანელობს, საქართველოში ორკვირიანი მისია დაასრულა.
ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.
საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, საგადასახადო ადმინისტრირებისა და ფისკალური რისკების მართვის მიმართულებით.
ფინანსთა მინისტრმა სტუმარს მადლობა გადაუხადა სსფ-ის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო სავალუტო ფონდი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ფისკალური რეფორმების განხორციელების პროცესში.
შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი.