ივანე მაჭავარიანი - ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არა „რუსთავი 2“-ს, მანაც უნდა იცოდეს, რომ გადაუხდელი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იქნება
ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არ გაყიდის „რუსთავი 2“-ს, მანაც უნდა იცოდეს, რომ გადაუხდელი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იქნება, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა კითხვაზე, ეჭვებს ხომ არ აჩენს ტელევიზიების დავალიანებებზე ფინანთსა სამინისტოს შეთავაზება, რომ პირობები მოერგოს „რუსთავი 2“-ის პოტენციურ მყიდველს და მაშინ ხომ არ გადაწყდა ეს საკითხი, რაც ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გაყიდვაზე განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, საუბარი არ არის მხოლოდ „რუსთავი 2“-ზე, არამედ დავალიანებები აქვთ „იმედსაც“ და მაესტროსაც“, საკითხში ღიაობა კი, მაქსიმალურად დაცული იქნება.
„ქიბარ ხალვაში გაყიდის თუ არ გაყიდის ამ ტელევიზიას, მანაც უნდა იცოდეს, რომ გადაუხდელი გადასახადის საკითხი ამ ტელევიზიის წინაშე იდგება. თუ გგონიათ, რომ რაღაც ტიპის შეღავათს ვიღაცას ვუკეთებთ, არა, პირიქით. მათ შორის გაყიდვის შემთხვევაშიც, ახალმა მყიდველმაც უნდა იცოდეს, რა ოდენობის დავალიანებაზეა საუბარი და ზუსტად ის, რომ ამ ბოლო პერიოდში ყიდვა-გაყიდვაზე იყო საუბარი და მიუხედავად რაღაც მინიშნებებისა, მკაფიოდ არც ერთხელ არ თქმულა, რამხელა ვალი აქვს და რამხელა პასუხისმგებლობა აქვთ ბიუჯეტის წინაშე. რომ არ ითქვა, ზუსტად ესეც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომ მოხდა ამის გააქტიურება. ეს ძირითადად არის 2017, 2018, მიმდინარე წლების. 2016 წლის ბოლოდან არის დაწყებული, მანამდე ყველა პატიოსნად და წესიერად იხდიდა გადასახადებს“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი განმარტებით, შეთავაზებებზე მსჯელობისას გაირკვევა რამდენ წელზე შეიძლება, გაიწეროს გადახდის გრაფიკი.
„ჩვენი მიზანია, მიმდინარე გადასახადის დაფარვა უნდა დაიწყოს ყველამ. ეს არის ერთმნიშვნელოვანი, ეს არის საგადასახადო კულტურა და ამ სფეროში უნდა დამკვიდრდეს, თორემ ამას ბოლო არ ექნება.
ჩვენ ვიქნებით გაცილებით ლოიალური და ლმობიერი წარსულ ვალებზე და კონსტრუქციული, მაგრამ გაცილებით პრინციპულები მიმდინარესთან. არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგროვდეს მიმდინარე ვალი. ეს არის მთავარი პრინციპი და მიდგომა. ეს არის ფილოსოფია“, – განაცხადა მინისტრმა და არც დავალიანების ჩამოწერა გამორიცხა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, სრულ ჩამოწერაზე არ არის საუბარი.
ამასთან, მისი თქმით, მიმდინარე დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონი ითვალისწინებს შესაბამის სანქციებს და შემოსავლების სამსახური ამის მიხედვით იმოქმედებს.
„ამ ეტაპზე, დავალიანების სრულ ჩამოწერაზე არ არის საუბარი, უბრალოდ ჩვენ პირველ რიგში, გვჭირდება მათი პოზიცია მოვისმინოთ, მათი ფინანსური მდგომარეობის, არგუმენტების შესახებ მოვისმინოთ. ჩვენთან საკმაოდ ძლიერი ექსპერტები არიან და უმეტეს წილად, ზუსტად ვხედავთ, როდის გაუჭირდა ობიექტურად ბიზნესს და როდესაც უბრალოდ ბოროტად იყენებს თავის მდგომარეობას, ანუ ჩვეულებრივ თავხედობასთან გვაქვს საქმე თუ მართლა გაუჭირდა. ამის გარჩევის უნარი შემოსავლების სამსახურს და იქ მომუშავე აუდიტორებს, დამერწმუნეთ, აქვთ“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს განაცხადა, რომ რამდენიმე ტელევიზიას აქვს საკმაოდ დიდი საგადასახადო დავალიანება: „რუსთავი 2“ – დაახლოებით 28 მლნ ლარის ფარგლებში, „იმედი“ – 19 მლნ-ს ფარგლებში, ხოლო „მაესტრო“ – 8 მილიონზე მეტი. მინისტრმა მოუწოდა ტელევიზიებს, უახლოეს ვადაში, თავიანთი შეთავაზებები წარადგინონ, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას და გრაფიკს. ამასთან, მისი თქმით, მთავარი პირობაა, ტელეკომპანიებმა გადაიხადონ მიმდინარე დავალიანებები და აღარ დააგროვონ ვალები.