ივანე მაჭავარიანი - დღგ-ის ავტომატური დაბრუნება არის მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ აქტიურად ახორციელებს
ივანე მაჭავარიანი - დღგ-ის ავტომატური დაბრუნება არის მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ აქტიურად ახორციელებს

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი და განაცხადი, რომ სახელმწიფო მისთვის ფისკალურად ყველაზე რთულ დროს, რეფორმას არა თუ ანელებს, არამედ ყველაზე აქტიურად ახორციელებს, – აღნიშნა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განმარტა, 17 ნოემბრიდან ამოქმედდა სისტემა, რომლის შედეგადაც დამატებული ღირებულების გადასახადის ზედმეტობის დასაბრუნებლად აღარაა საჭირო გადასახადის გადამხდელის დასტური – თითოეულ გადამხდელს თანხა ავტომატურ რეჟიმში დაუბრუნდება იმ საბანკო ანგარიშზე, რაც გადაგზავნილია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში.

მისი თქმით, გაიწია მნიშვნელოვანი სამუშაო, რათა საბოლოოდ გასწორებულიყო ბაზები, ასევე, დაიხვეწა რისკის პროგრამა, რათა მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს პროცესი.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა. 2019 წელს გადასახადის გადამხდელებს ზედმეტად გადახდილი გადასახადიდან დაუბრუნდათ 614 მილიონი ლარი, 2020 წელს, დღეის მონაცემებით, მიუხედავად პანდემიით გამოწვეული კრიზისისა, მიუხედავად საბიუჯეტო შემოსავლების შემცირებისა, ჩვენ დავაბრუნეთ 811 მლნ ლარი და წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი ერთ მილიარდ ლარამდე იქნება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, დღევანდელი კონტექსტის, დღევანდელი საბიუჯეტო წნეხის გათვალისწინებით, რომელიც გამომდინარეობს შემოსავლების კლებიდან. ვფიქრობ, ამ სიგნალს სათანადოდ დააფასებს ჩვენი ბიზნესსექტორი, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს. ისინი უფრო თამამები იქნებიან თავიანთ საინვესტიციო გადაწყვეტილებებსა და ბიზნესსაქმიანობაში. ჩვენ სწორედ ამ მიზნის მიღწევა გვსურდა, რომ ყველანი უფრო მეტი ოპტიმიზმით, აქტიურად შევუდგეთ იმ აღდგენის პროცესს, რომელიც  2021 წელს გველოდება“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

დღგ-ის ავტომატური დაბრუნების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის მსგავსიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქვეყანაში არ განხორციელებულა. „დაახლოებით 150 000 კომპანიას ექნება შესაძლებლობა, ავტომატურად დაიბრუნოს დღგ, ფაქტობრივად მომენტალურად, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად დაახლოებით მილიარდი ლარი ყველანაირი პრობლემების გარეშე, მომენტალურად დაუბრუნდება ჩვენს ბიზნესს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.