საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.
„მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც სამაგალითო მეგობრობასთან ერთად, აკავშირებს საერთო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს და გამარტივდეს საზღვრის კვეთის პროცედურები, გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები. როგორც აღინიშნა, ორ პარტნიორ უწყებას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის არეალი, გაიზარდოს საბაჟო პროცედურების მართვის ეფექტურობა და სხვა.
ასევე, საუბარი შეეხო პანდემიის პირობებში, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის კოორდინაციის საკითხებს, რამაც უზრუნველყო არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით შეძლებს „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავლენის შემცირებას და ეკონომიკის აღდგენას. შეხვედრის დასასრულს ფინანსთა მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.