ივანე ჩხაიძე - შემოწმების პროცესი რომელიმე კლინიკის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ ეს ემსახურება სამედიცინო დახმარების ხარისხის გაზრდას
ივანე ჩხაიძე - შემოწმების პროცესი რომელიმე კლინიკის წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ ეს ემსახურება სამედიცინო დახმარების ხარისხის გაზრდას

კლინიკების შემოწმების პროცესი რომელიმე კლინიკის, ან პიროვნულად, რომელიმე ექიმის წინააღმდეგ მიმართული არ არის, – ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის, მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, არის თუ არა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მზად შემოწმებისთვის, ლადო კახაძემ აღნიშნა, რომ კლინიკამ პირველი შემოწმების ეტაპზე შენიშვნები მიიღო, რომელთა გამოსწორებასაც დრო დასჭირდა, მაგრამ ხარვეზები აღმოიფხვრა.

„ეს თანამშრომლობაა და შემოწმების პროცესი რომელიმე კლინიკის, ან პიროვნულად, რომელიმე ექიმის წინააღმდეგ მიმართული არ არის. ეს პროცესი სამედიცინო დახმარების ხარისხის გაზრდას ემსახურება, რასაც მივესალმები“, – განაცხადა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა. 

გადაცემაში საუბარი აბორტების თემასაც შეეხო. როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, აბორტების მაღალი მაჩვენებლის მიზეზი მრავალმხრივია.

„ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი არ მომწონს, მაგრამ ვთვლი, რომ ერთ–ერთი ასეთი მთავარი მიზეზი მოსახლეობის განათლებაა. ჯანდაცვის ეროვნულ სტრატეგიაში საუბარია იმაზე, რომ კონტრაცეპტივების მოხმარება გაიზარდა, მაგრამ იმდენად უმნიშვნელოდ, რომ ეს აბორტების სტატისტიკას ვერანაირად ვერ შეცვლიდა. დამოკიდებულების შეცვლაში მონაწილეობა სხვადასხვა სტრუქტურებმა უნდა მიიღონ, რათა მოსახლეობამდე ინფორმაციის დიდი ნაკადი წავიდეს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

 

ავტორი: მაკა დარსაველიძე