ივანე ჩხაიძე - დისტანცირებამ, ნიღბის ტარებამ და ხელების დაბანამ შეამცირა გრიპის ვირუსის შემთხვევებიც
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 2020-2021 წლის სეზონი უნიკალურია, ვინაიდან ქვეყანაში სეზონური ვირუსების მხოლოდ ერთეული შემთხვევები ფიქსირდება.
მისივე თქმით, ამის მიზეზია კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შემოღებული უსაფრთხოების წესები, რამაც სეზონური გრიპის ვირუსის გავრცელებასაც შეუშალა ხელი.
„ეს არის გამორჩეული შემთხვევა, უნიკალური წელი. 2020-2021 წლის სეზონი დღემდე მიმდინარეობს სეზონური ვირუსების ერთეული შემთხვევებით, ისიც „ბე“ ტიპის ვირუსით. სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება მსგავსი ტენდენცია. მიზეზი მარტივია. ეს არის ის ეპიდემიოლოგიური ვითარება, რაც ქვეყანაში გვხვდება კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. მან მარტივად იმოქმედა გრიპის ვირუსზეც, რადგან ესეც რესპირაციული ვირუსია.ზუსტად ისეთივე გადაცემის გზა აქვს, რაც კორონავირუსს – გადაეცემა აირწვეთოვანი გზით, კონტაქტის გზით. ასე რომ, ის ღონისძიებები, რასაც ჩვენი მოსახლეობა მიმართავს – დისტანცირება, ნიღბის ტარება და ხელების დაბანა – მიზანშეწონილია გრიპის საწინააღმდეგოდაც. ამან შეამცირა გრიპის შემთხვევები და ეს მოლოდინი წინასწარ გვქონდა. დღეს მართლაც ერთეული შემთხვევები გვაქვს. ვაქცინაცია და ეს გრიპის საწინააღმდეგო ღონისძიებები აღმოჩნდა ეფექტური. ვაქცინა, რომელიც ქვეყანაში სექტემბრის ბოლოდან შემოიტანეს, ეფექტურია ოთხი ტიპის ვირუსის საწინააღმდეგოდ, მათ შორის ორი „ა“ ტიპის ვირუსია, ორი „ბე“ ტიპის. ყველა ის ადამიანი, ვინც გაიკეთა ეს ვაქცინა, დაცულია „ბე“ ტიპის ვირუსისგანაც“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ „კოვიდ-19“-ის ახალი შტამი უფრო საშიში იყოს ბავშვებისთვის, ივანე ჩხაიძემ უპასუხა, რომ კვლევებით ეს არ დასტურდება.
„ჩატარებული კვლევები და არსებული მონაცემები არ მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსის მუტაცია უფრო მეტად ორიენტირებული და საშიში გახდა ბავშვებისთვის. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეტად ახასიათებს გადადება, ეს ასევე ბავშვებში გამოიწვევს შემთხვევების მატებას, ეს ლოგიკურია, მაგრამ ის, რომ „კოვიდ-19“-მა მუტაციის შემდეგ შეიცვალა ხასიათი და ბავშვებისთვის მეტად აგრესიული გახდა, არ არის სიმართლე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.