ივანე ჩხაიძე - ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, ორი და ხუთი დოზაც ერთნაირია, რადგან ისინი ვაქცინაციას არ აპირებენ
ადამიანებისთვის, რომლებიც ვაქცინაციას ეწინააღმდეგებიან, ორი დოზა და ხუთი დოზაც ერთნაირია, რადგან ისინი ვაქცინაციას არ აპირებენ, – ასე უპასუხა იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა ბუსტერ დოზის საჭიროების საკითხი დამატებითი არგუმენტი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აცრის წინააღმდეგ გამოდიან და ამტკიცებენ, რომ ორი დოზა ანტისხეულებს ვერ გამოიმუშავებს და შესაძლოა, ადამიანები ყოველ ექვს თვეში ორ-ორი დოზით თავიდან აცრან.
„გული რატომ შესტკივათ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ისაა, თუ ვიცი, რომ ორი დოზა საკმარისი არ არის იმისთვის, რათა დაცული ვიყო, აუცილებლად უნდა გავიკეთო მესამე დოზა, ბუსტერი და მივიღო მყარი იმუნური პასუხი. არავინ ამბობს, რომ კორონავირუსი ისეთი ვირუსია, რომელიც ერთხელ აღმოაჩინეს და მისი თვისებები არ შეცვლილა. ეს არის სწორედ მუტაცია და ეს არის სწორედ მეცნიერება, რომელმაც გვიჩვენა, რომ თავდაპირველად, კორონავირუსი იყო ასეთი ტიპის და ახლა, მრავალრიცხოვანი მუტაციების შედეგად მისი ხასიათი შეიცვალა. შეიცვალა გადამდებლობაც, აგრესიულობაც და ვაქცინების მიმართ წინააღმდეგობაც. ამას ვერანაირად ვერ დავუკავშირებ ვაქცინების სისუსტეს. ეს არის ვაქცინების მწარმოებელი კომპანიების მიერ ფეხდაფეხ მიდევნება იმ რეალობასთან, რასაც კორონავირუსის პანდემია გვაძლევს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, ხშრად ისმის მოსაზრება, რომ „ფაიზერი“ „დელტას“ წინააღმდეგ არ მუშაობს, რაც სწორი არ არის.
„ფაიზერის“ ეფექტურობა 95%-ია ჩინური ვირუსის წინააღმდეგ და 88% „დელტას“ წინააღმდეგ. სულ 7%-იანია სხვაობა და 88%-იანი დაცვა არის ძალიან მაღალი“, – განაცხადა ჩხაიძემ.
როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მცირერიცხოვანი კვლევის მიხედვით, რომელიც სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა, ნაჩვენებია, რომ „ომიკრონის“ წინააღმდეგ შესაძლებელია ორი სხვადასხვა ეფექტური მექანიზმი ამუშავდეს.
„ერთი ეფექტური მექანიზმია ვაქცინის ორი დოზის გაკეთების შემდეგ ბუსტერის გაკეთება, რომელიც 25-ჯერ ზრდის დამცველობის ძალას და „ფაიზერის“ ბუსტერი ამ შემთხვევაში განიხილება, როგორც პირველ-მეორე დოზაზე გაცილებით უფრო ენერგიული, მძალვრი და ძლიერი საშუალება „ომიკრონის“ წინააღმდეგ. მეორე შესაძლებლობა, რომ ადამიანი იყოს დაცული, ეს არის ადამიანი, რომელმაც გადაიტანა კორონავირუსი და შემდეგ გაიკეთა ვაქცინაცია. ამიტომ, ეს ორი ჯგუფი, ბუსტერ დოზა და ინფიცირების შემდეგ ვაქცინირებული ადამიანები ითვლება პრაქტიკულად, ყველაზე მაღალი წინააღმდეგობის უნარის მქონედ „ომიკრონის“ წინააღმდეგ“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ვადები, რომელიც სახელდება, ნიშნავს იმას, რომ სამ თვეში ალბათ, ვაქცინა იქნება სულ სხვა.
„ყოველდღე მატულობს იმ ფარმაცევტული კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ვაქცინასთან დაკავშირებით ოპტიმისტურ განაცხადს აკეთებენ და ვადები, რომელიც სახელდება, ნიშნავს, რომ სამ თვეში ალბათ, ვაქცინა იქნება სულ სხვა. სხვა საკითხია, ეს ვაქცინები რამდენად იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ ფაქტია, ვაქცინის შექმნა შესაძლებელია“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძემ ასევე განაცხადა, რომ კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია ძალიან ცვალებადია და შესაბამისად, მკურნალობის პროტოკოლები, რომელიც საქართველომ პირველად მიიღო, საერთოდ შეიცვალა.