ივანე ჩხაიძე - 13 ვაქცინიდან, რომელიც მსოფლიოში გამოიყენება, მხოლოდ სამს აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, მაგრამ დანარჩენი ათი მუშაობს
ივანე ჩხაიძე - 13 ვაქცინიდან, რომელიც მსოფლიოში გამოიყენება, მხოლოდ სამს აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია, მაგრამ დანარჩენი ათი მუშაობს

მგონია, რომ „სინოფარმზე“ დარეგისტრირებულთა უმრავლესობა არ უყურებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„არის ხალხი, რომელსაც უნდა ვაქცინაცია, მიუხედავად იმისა, მისცემს თუ არა ჯანმო ვაქცინას ავტორიზაციას. ეს ამ ადამიანთა გაცნობიერებული არჩევანია. ჯანმო-ს ავტორიზაცია დღეისთვის განმსაზღვრელი არ არის. ცამეტი ვაქცინიდან, რომელიც მსოფლიოში გამოიყენება, მხოლოდ სამს აქვს ჯანმო-ს ავტორიზაცია, მაგრამ დანარჩენი ათი ვაქცინა მუშაობს. ასე რომ, ეს იგივე შემთხვევაა“, – განაცხადა ჩხაიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, კორონავირუსის სხვადასხვა შტამის წინააღმდეგ აცრა ყოველწლიურად მოგვიხდეს, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ეს ნამდვილად არის შესაძლებელი.

„ისევე, როგორც შეიძლება, კორონავირუსი გახდეს გრიპის მსგავსი სეზონური ვირუსი. ამის ალბათობა არსებობს. შესაბამისად, გრიპთან ერთად ავიცრებით კორონავირუსის საწინააღმდეგოდ. ეს არის და ეს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

მისი თქმით, დღეისთვის არ არსებობს მოლოდინი, რომ მაისში, ან ივნისში ქვეყანა მიიღებს მილიონ დოზა „ფაიზერს“, ან რომელიმე სხვა მწარმოებლის ვაქცინას, რომლებთანაც მოლაპარაკება აქტიურად მიმდინარეობს.

„ამიტომ, ფუჭი იმედების მიცემას სჯობს, იმ ფარგლებში ვიმოქმედოთ, რა ფარგლებშიც ახლა გვიწევს მუშაობა. ამისთვის, „სინოფარმის“ 100 000 დოზა არის ძალიან კარგი. ეს არის 50 000 ვაქცინირებული ადამიანი“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, როდის უნდა ველოდოთ კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების გამოჩენას, ჩხაიძემ აღნიშნა, რომ ასეთი მედიკამენტების შექმნაზე ძალიან ბევრი კომპანია მუშაობს და ისინი შედეგებთან ახლოს არიან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაქცინა არ დაგვჭირდება.

„გრიპის სამკურნალო მედიკამენტი არსებობს და არა ერთი, არამედ რვა მედიკამენტია, რომელიც მსოფლიოში დღეისთვის, გრიპის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი, მაგრამ ეს გრიპის ვაქცინის გაკეთებას არ გამორიცხავს“, – განაცხადა ჩხაიძემ.

შეკითხვაზე, რამდენად რეალურია ის, რომ ვირუსის გავრცელების და ვაქცინაციის ამ ტემპის პიროებებში ნაააღდგომევს ლოკდაუნის გამოცხადება საჭირო არ გახდეს, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ეპიდმდგომარეობა სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება და ქვეყანაში ლოკდაუნის გამოცხადების აუცილებლობა არ დგას.