ივან პრეობრაჟენსკი - რუსეთში საპროტესტო ტალღა აღმავალია, ხელისუფლების რეზერვი პრაქტიკულად ამოწურულია და ზეწოლის გაძლიერების შესაძლებლობა აღარ აქვს
ივან პრეობრაჟენსკი - რუსეთში საპროტესტო ტალღა აღმავალია, ხელისუფლების რეზერვი პრაქტიკულად ამოწურულია და ზეწოლის გაძლიერების შესაძლებლობა აღარ აქვს

5000-ზე მეტი დაკავებული დემონსტრანტი, ნაცემი და დაშავებული აქტივისტები, დაპატიმრებული ჟურნალისტები – ასეთია რუსეთში 31 იანვარს გამართული აქციების შედეგი. დემონსტრანტები რუსეთის ათეულობით ქალაქში ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბა. პოლიცია ხისტად მოქმედებდა. გამოყენებული იყო ხელკეტები, ელექტროშოკერები, ერთ-ერთი პოლიციელი აქტივისტებს იარაღითაც დაემუქრა. აღსანიშნავია, რომ აქციები რუსეთის ქალაქებში უკვე მეორედ გაიმართა. 23 იანვარს პოლიციამ 3500-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

რუსეთში არსებულ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ რუს პოლიტოლოგ ივან პრეობრაჟენსკის

 – მოდით, შევაჯამოთ ორი კვირის განმავლობაში რუსეთში გამართული აქციები, რა მოუტანა ამ პროცესებმა მათ ორგანიზატორებს? აქციების ტალღა კვლავ აღმავალია, თუ ხელისუფლებამ მოახერხა პროტესტის ჩახშობა?

ჩემი აზრით, პროტესტის ტალღა აღმავალია. ეს მკაფიოდ ჩანს, თუ დავაკვირდებით აქციებზე მისული მოქალაქეების ასაკს. მათი უმეტესობა ახალგაზრდაა. საპროტესტო აქციებს მართავენ ახალი თაობის წარმომადგენლები. აქციებზე არ იყვნენ ტიკ-ტოკერები და სკოლის მოსწავლეები, რის წარმოჩენასაც რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა, არამედ მათ უმეტესობა იყვნენ 25-35 წლის მოქალაქეები, რომლებიც გრძნობენ, რომ მოქმედი ხელისუფლების მმართველობის პირობებში პერსპექტივა არ აქვთ. შეძლო თუ არა მთავრობამ უფრო სერიოზული აქციების თავიდან აცილება? ვფიქრობ, ვერ შეძლო. ხელისუფლებამ გამოიყენა მაქსიმალური ძალა, რაც ამ სიტუაციაში შეიძლებოდა, რომ საპროტესტო განწყობების მკვეთრი ზრდა არ გამოეწვია. პირველად დავინახეთ რუსეთში ელექტროშოკერების გამოყენება, მაგრამ ჯერ არ გამოუყენებიათ, მაგალითად ტრავმატული იარაღი. შესაბამისად, ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აქვს საკმარისი გავლენა, რათა აქციების გაფართოებას იმ მეთოდებით შეუშალოს ხელი, როგორებიც ჩვენ 31 იანვარს ვიხილეთ. თუმცა, მეორე მხრივ ელექტროშოკერების გამოყენება და ზოგიერთი პოლიციელის მხრიდან იარაღის დემონსტრირება მიუთითებს, რომ ხელისუფლების რეზერვი პრაქტიკულად ამოწურულია და ზეწოლის გაძლიერების შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. ოპოზიციას კი პირიქით, საკმარისზე მეტი რეზერვი აქვს. ყველა ვხვდებით, რომ ჯერ ზამთარია, სიცივეა, ბევრი მოქალაქე ქუჩაში გასვლისთვის მზად არ არის. პროტესტი მხოლოდ ახლა იწყება. რაც ყველაზე მთავარია, 31 იანვარს დავინახეთ, რომ აქციების მართვამ ბელარუსის მსგავსად  ინტერნეტში გადაინაცვლა, რაც მანამდე არ ყოფილა. მანამდე ყველა აქციას მოსკოვში ჰყავდა ლიდერი და როდესაც ამ მეთაურს პოლიცია აკავებდა, აქცია წყდებოდა. 31 იანვრის აქციებმა დაგვანახა, რომ დემონსტრაციის კოორდინაცია შესაძლებელია ინტერნეტით.

 – თქვენ უკვე ახსენეთ ბელარუსი. ვხედავთ, რომ რუსეთში გამართულ აქციებზე დააკავეს ალექსეი ნავალნის მეუღლე, ასევე მისი მოკავშირე ლიუბოვ სობოლი. რამდენად ხედავთ მსგავსებას ბელარუსში განვითარებულ მოვლენებთან, სადაც ანტისამთავრობო აქციების სიმბოლო ასევე ქალები იყვნენ?

ბელარუსთან მსგავსება თვალსაჩინოა და ეს უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების ქმედებებში ჩანს. რუსეთის მთავრობა იმავე მეთოდებს იყენებს, რასაც ბელარუსის ხელისუფლება მიმართავდა. როგორც ჩანს, ეს მეთოდები მათ, ბელარუსში აქციების დროს, ლუკაშენკოსთან ერთად შეიმუშავეს. მსგავსება თვალსაჩინო იყო მოსამზადებელ ეტაპზეც, რა დროსაც რუსეთში მასობრივი შეკრებების შესახებ კანონმდებლობა გაამკაცრებს და პოლიციის უფლებამოსილება გააფართოეს. რაც შეეხება ქალების ფაქტორს, ის რუსეთში ბელარუსზე ადრე გაჩნდა. 2019 წელს მოსკოვში გამართული აქციების დროს ცხადი გახდა, რომ დემონსტრაციებში მონაწილე ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა გათანაბრდა. პუტინის მმართველობის პერიოდში ასეთი რამ პირველად მოხდა. ჩემი აზრით, ქალების ფაქტორი დროთა განმავლობაში კიდევ გაიზრდება, რადგან პუტინის რეჟიმის მიერ გამოგონილი ე.წ. ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც რუსეთში არასდროს ყოფილა, პირველ რიგში სწორედ ქალების უფლებებს ეწინააღმდეგება. ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთში ქალების უფლებები ყველა სხვა ქვეყნებთან შედარებით ყველაზე მეტად შეზღუდეს.

 – ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნასთან ერთად, რუსეთში გამართულ აქციებზე აქტუალური იყო კორუფციის საკითხიც. ყველას გვახსოვს გახმაურებული გამოძიება „პუტინის სასახლის“ შესახებ. როგორ ფიქრობთ, შეიძლება კორუფცია გახდეს აქციების მთავარი თემა? რამდენად მტკივნეულია ეს საკითხი რუსეთის მოქალქეებისთვის?

საქმე უფრო რთულად არის. ჩემი აზრით, აქციების მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა ნავალნის გათავისუფლებაც კი არ არის. უბრალოდ, ნავალნი ერთადერთი საყოველთაოდ ცნობილი პოლიტიკოსია და ბევრი ნავალნის გარდა არც არავის იცნობს. თუმცა, ხალხი ქუჩაში პირადი მიზეზებით და ხელისუფლებისადმი პირადი პრეტენზიების გამო გამოდის. რაც შეეხება ნავალნის ანტიკორუფციულ გამოძიებებს და კონკრეტულად ფილმს „პუტინის სასახლეს“, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ მოქალაქეთა დიდ ნაწილში ეს ფილმი, კორუფციის მიმართ გაღიზიანების ნაცვლად, მთავრობისადმი შურს იწვევს. მოქალაქეთა უმეტესობას უჩნდება სურვილი, თავადაც იყოს ხელისუფლების სისტემაში, რომ პოლიტიკური ბეგარის ნაწილი თავადაც დაისაკუთროს. ამიტომ მგონია, რომ თუ ოპოზიცია შეეცდება, აქციებზე უმთავრეს საკითხად კორუფცია აქციოს, დემონსტრაციების ტალღა მინელდება, რადგან ეს არ არის მთავარი იდეა. ეს თვალსაჩინოა აქციების მონაწილეებისთვისაც. თუმცა, ანტიკორუფციული გამოძიება ძალიან კარგად მუშაობს მოქალაქეთა მობილიზაციისთვის, რადგან ეს ფილმები აჩვენებს, რომ მთავრობამ მთელი სახელმწიფოს მონოპოლიზაცია მოახდინა და მას პირადი სარგებლის მისაღებად იყენებს.

 – რა შეიძლება მოხდეს კიდევ, რომ აქციების ტალღა გაიზარდოს და რუსეთის ხელისუფლებას მეტი სანერვიულო გაუჩნდეს?

ამინდის გაუმჯობესებაც კი გამოიწვევს აქციების მასშტაბის გაზრდას. ამის გარდა, მოქალაქეების სიცოცხლის პირობების გაუარესება, რაც ასევე გრძელდება და მთავრობას ამის შესაჩერებლად არაფრის გაკეთება შეუძლია. საპროტესტო მუხტის ზრდას ხელს შეუწყობს ასევე მოახლოებული არჩევნებიც, თუმცა ეს მთავრი ფაქტორი არ იქნება. რუსეთის ხელისუფლებამ თავად გააუფასურა არჩევნებიც და კონსტიტუციაც. ეს მათ 2020 წელს მოახერხეს, რა დროსაც ხალხმა დაინახა, რომ რუსეთში არჩევნების გზით სიტუაციის შეცვლა შეუძლებელია. ასე რომ, საპროტესტო აქციების მთავარ მუხტად 2021 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი არჩევნები ვერ გახდება. პოლიტიკური ტემპერატურის მატება შესაძლოა, გამოიწვიოს არჩევნების წინა პერიოდმა, რა დროსაც ცხადი გახდება, რომ ხელისუფლება ოპოზიციონერ კანდიდატებს საერთოდ არ აძლევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. გარკვეულ როლს ითამაშებს კოვიდშეზუდვები, რისგანაც ხალხი გადაიღალა. ხელისუფლებას ჰგონია, რომ შეზღუდვებს მოხსნის და ხალხი ამოისუნთქავს, სინამდვილეში კი დაღლილი მოსახლეობა სახლებიდან ქუჩაში გამოვა და ამ ფონზე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ სოლიდარული ადამიანების რიცხვი გაიზრდება.

 – ნავალნის ფიგურას დავუბრუნდეთ. უკრაინულ მედიაში ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლის პროცესი უკვე დაწყებულია და ნავალნი ამ გეგმის ნაწილია. როგორ ფიქრობთ, ნავალნი იმდენად პოპულარულია, რომ შეუძლია პუტინის ჩანაცვლება?

ნავალნი ამ საპროტესტო აქციების სიმბოლო უკვე არის. თუმცა, თუ პროცესი გაჭიანურდება, გამოჩნდებიან სხვა პოლიტიკური ფიგურებიც. შესაძლოა, ნავალნიზე უფრო სერიოზული ფიგურებიც კი. თავად ნავალნი, ისევე როგორც პუტინი, არის პოპულისტი და იმ პირობებში, როდესაც ოპოზიცია რუსეთში განადგურებულია, ის უალტერნატივო ლიდერია. თუმცა, თუ დაიწყება იდეებისა და იდეოლოგიური შეჯიბრი, მაშინ ნავალნი შეიძლება სხვა ლიდერებთან დამარცხდეს კიდეც. ამასთან ერთად, უნდა ითქვას, რომ ადამიანი, რომელიც მზად არის, სიცოცხლე გაწიროს და ციხეში ჩაჯდეს, როგორც ეს ნავალნიმ გააკეთა, ცხადია, მიისწრაფის ძალაუფლებისკენ და შესაბამისად, ის ძალაუფლებას იოლად არ დათმობს. იმის თქმა მინდა, რომ თუ პუტინის გარემოცვაში არიან ადამიანები, ვინც ეხმარება ნავალნის, მას ძალიან დიდი იმედგაცრუება ელის. დაახლოებით ისეთივე იმედგაცრუება, როგორიც ბორის ბერეზოვსკის ელოდა, რომელიც თავის დროზე პუტინს ხელისუფლებაში მოსვლაში ეხმარებოდა.

 – 4 თებერვალს სასამართლომ უნდა იმსჯელოს ნავალნისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხზე, როგორ ფიქრობთ, ის დარჩება ციხეში?

თუ განაჩენს გამოიტანენ 4 თებერვალს, მაშინ ნავალნი ციხეში დარჩება. თუმცა, არის ძალიან დიდი შანსი, რომ გადაწყვეტილების გამოტანა გადაიდება. რუსეთი ამჟამად აქტიურად ვაჭრობს ევროკავშირთან და აშშ-თან. ორივე შემთხვევაში ისმის პრაგმატული პოზიციები. აშშ-ის შემთხვევში სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, ხოლო ევროკავშირის შემთხვევაში გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, ან თუნდაც ევროკავშირისა და რუსეთის სავაჭრო ურთიერთობები. სასწორის მეორე პინაზე კი არის პოლიტიკური თავისუფლება რუსეთში და ოპოზიცია. დასავლეთი ჯერ არ არის მზად რუსეთის ოპოზიციის აქტიური მხარდაჭერისთვის, თუმცა ასეთი მხარდაჭერა მაინც არსებობს. ამას ემატება საპროტესტო აქციები, რაც ხელისუფლებაზე ზეწოლას ზრდის და ამიტომ არ არის გამორიცხული, კრემლში პაუზა აიღონ. შესაბამისად, ნავალნის საკითხი შესაძლოა, 4 თებერვალს არ გადაწყდეს.