ივა ჭყონია - აპელირებენ, რომ ზეთზე ფასი გაიზარდა, მაგრამ როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება ხდება, ბუნებრივია, ეს აქაც აისახება
ივა ჭყონია - აპელირებენ, რომ ზეთზე ფასი გაიზარდა, მაგრამ როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება ხდება, ბუნებრივია, ეს აქაც აისახება

ფასების ზრდა მაქსიმალური არ არის და წლის ბოლომდე კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება, – ამის შესახებ „დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ივა ჭყონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ფასმა მოიმატა ელექტროენერგიაზე, გაზზე და წარმოიდგინეთ, გაძვირებული ელექტროენერგია წარმოებისთვის რამდენად მტკივნეულია. მათ შორის – გაზზე მომატებული ტარიფი. ხარჯი გაზრდილია არა მარტო მწარმოებლებისთვის, არამედ გარკვეული კომპანიებისთვის, იგივე სადისტრიბუციო ფირმებისთვის, ვისაც ტემპერატურული რეჟიმი სჭირდება. აღარ ვსაუბრობ საოფისე ხარჯზე. გარდა ამისა, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე შეინიშნება ბარელზე ფასის ცვლილება და ეს, რა თქმა უნდა, ჩვენთანაც პირდაპირპროპორციულად აისახება, რადგან ნავთობი ჩვენ არ გვაქვს და იმპორტზე ვართ დამოკიდებული. გაძვირებულია საერთაშორისო გადაზიდვებიც. რამდენიმე ქვეყანასთან თითქმის, 100-120%-ით არის გაზრდილი. ადგილობრივი ლოჯისტიკაც ხომ საჭიროა, რომ პროდუქტი საწყობიდან სავაჭრო წერტილამდე მიიტანონ და ა.შ. ანუ, ეს ყველაფერი, ერთად აღებული, საკმაოდ სერიოზულ პრობლემას ქმნის და დახლზე იმიტომ გვხვდება გაძვირებული პროდუქტები“, – განაცხადა ჭყონიამ.

მისი თქმით, საკვები ზეთის საგრძნობლად გაძვირება იმან გამოიწვია, რომ მზესუმზირის მოსავალი საკმაოდ დაბალი იყო, მოხმარება კი გაზრდილი.

„შესაბამისად, თვალში საცემია, რომ საკმაოდ არის გაზრდილი ზეთის ფასი, ბოლო თვეების განმავლობაში თითქმის, 40%-ით. ამას ემატება ყველა ის მიმართულება, იგივე ლართან დაკავშირებული, ლოჯისტიკასთან და ვიღებთ ასეთ გაურკვეველ ფასს. ზეთზე აპელირებენ, რომ ზეთზე ფასი ასე გაიზარდა და ა.შ, მაგრამ როცა საერთაშორისო ბაზარზე ფასის ცვლილება ხდება, ბუნებრივია, ეს აქაც აისახება. პრობლემებია მათ შორის, ხორბალთან დაკავშირებით, ფქვილთან და ა.შ“, – განაცხადა ჭყონიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა უნდა გააკეთოს ამ შემთხვევაში ეროვნულმა ბანკმა, ჭყონიამ აღნიშნა, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვები რომ გამოიტანოს და გაანიავოს, ეს არაფერს არ მოგვცემს, თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, პანდემიის პირობებში კი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ძალიან რთულია, იმ დროს, როდესაც ქვეყანას პანდემიამდეც საკმაოდ სერიოზული პრობლემები ჰქონდა.

„შემოსავლის წყაროს პირველ, მეორე და მესამე ადგილას იყო ინვესტიციები, ტურიზმი და გადმორიცხვები. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყანა მარტო გადმორიცხვების ამარად არის დარჩენილი, საიდანაც უცხოური ვალუტა შემოდის; ტურიზმი ფაქტიურად, არ არის, ხოლო ინვესტიციებზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას. ეს ყველაფერი, ერთად აღებული, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული წნეხია ლარზე“, – განაცხადა ჭყონიამ.