ირაკლი ღარიბაშვილი - არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით მე-100 ადგილზე ვართ, ნუ ავყვებით პროვოკაციებს
ირაკლი ღარიბაშვილი - არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი ქვეყანა, მიუხედავად ამისა, მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით მე-100 ადგილზე ვართ, ნუ ავყვებით პროვოკაციებს

საწვავის ფასებს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მე-100 ადგილზე ვართ მსოფლიოში საწვავის ფასების მიხედვით, მით უმეტეს მაშინ, ყველას შევახსენებ, რომ არც გაზის მწარმოებელი ვართ და არც ნავთობის მომპოვებელი და მწარმოებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ნუ აყვებიან პროვოკაციებს.

„ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, რომ ნუ ავყვებით ამ პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი იყო, იმიტომ, რომ არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და კეტავენ ქუჩებს, საკუთარი ავტომობილებით. ეს არის მიუღებელი. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე უნდა დაემორჩილოს კანონს და წესებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა მსოფლიოს არ ჰქონია ევროპაში.

„ევროპის ყველაზე დიდ სახელმწიფოში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან, უკრაინაში. ამ ფონზე ჩვენ, მთავრობის ეკონომიკური გუნდი ვცდილობთ, მივაღწიოთ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ამ მიზნით, შეგახსენებთ, მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს, დავიწყეთ მუშაობა, გვსურს, რომ აპრილში დავიწყოთ მშენებლობის წახალისება და გუნდს უკვე მზად აქვს ამის თაობაზე პროექტები, გვინდა დასაქმების პროგრამა დავიწყოთ აპრილიდან ინტენსიურად და სხვა ძალიან ბევრი ნაბიჯი, რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებს ვითარებას ქვეყანაში.

მინდა, ჩვენს ძვირფას მოქალაქეებს, მოსახლეობას შევახსენო, რომ საწვავის ფასების მიხედვით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით 71-ე იყო საქართველო. 99 ქვეყანაში არის ძვირი საწვავი, ბენზინი, ვიდრე საქართველოში. ასევე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რაც შეეხება გაზის ფასებს – გაზის ფასები არის მკვეთრად გაზრდილი ევროპაში, ასეთი რამ არ ყოფილა, 2-3 კვირის წინ 3 900 დოლარს მიაღწია ათასი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ფასმა და თუ გახსენდებათ რამდენს ვიხდით ჩვენ ბუნებრივ აირში? ეს არის სოციალური გაზი და ეს არის კომერციული გაზი, ვინაიდან ეს კომერციული საიდუმლოებაა კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ის კონტრაქტები რაც მთავრობას აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, ეს არის ძალიან მიზერული, ვიტყოდი, ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე თუ მესამე ადგილას ვართ გაზის ფასების მიხედვით. ყველაზე იაფი ღირს მთელ ევროპაში გაზი საქართველოში, აზერბაიჯანის შემდეგ. ამიტომ გთხოვთ ყველას, რომ ამ სიტუაციაში, ასეთ კრიზისულ ვითარებაში, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში. ევროპაში 3 900 დოლარი ღირდა 3 კვირის წინ 1 000 კუბური მეტრი გაზი, ჩვენთან ეს დაახლოებით 120 დოლარია 1 000 კუბურ მეტრზე რასაც მოქალაქეები იხდიან. ძალიან დიდი სხვაობაა, კომუნალური გადასახადები არის გაათმაგებული მთელ ევროპაში და არის ძალიან რთული ვითარება, მინდა, ეს ყველამ კარგად გავაცნობიეროთ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა, რომლებიც გამოდიან და ტყუილებს ეუბნებიან ჩვენს მოქალაქეებს,“- აღნიშნა პრემიერმა.