ირაკლი ღარიბაშვილი - მთელ მსოფლიოში არის ინფლაცია, ფასების ზრდა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი
ირაკლი ღარიბაშვილი - მთელ მსოფლიოში არის ინფლაცია, ფასების ზრდა და საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი

ჩვენს ქვეყანაში არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში და ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა დაინტერესებულია, რომ მოქალაქეებს გაზრდილი ფასები შეუმსუბუქოს.

„მინდა, შევეხო ზოგადად ფასებს, ინფლაციას და საკითხს, რომელიც უკავშირდება საწვავის ფასებს. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეული საპროტესტო აქცია იქნა ორგანიზებული, რომლის უკან იდგა, პირდაპირ უნდა ითქვას, „ნაციონალური მოძრაობა“. მესმის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ ჩვენს მოქალაქეებს გაზრდილი ფასები და ის წნეხი, რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან. მაგრამ მინდა, ჩვენ მოქალაქეებს შემდეგი ინფორმაცია მივაწოდო. ზოგადად, ინფლაციას როდესაც ვახსენებთ, მინდა, მოსახლეობას გავახსენო, რომ კოვიდპანდემიით გამოწვეული კრიზისი ფონზე, ინფლაციის მაჩვენებლებმა არაერთ ქვეყანაში არამხოლოდ პროგნოზირებულს გადააჭარბა, არამედ ბოლო წლების და ათწლეულების რეკორდულ დონეს მიაღწია. მაგალითად აშშ-ში 40 წლის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა, გერმანიაში ინფლაცია არის ბოლო 29 წლის მაქსიმუმზე. იგივე ეხება მთლიანად ევროზონას, სადაც ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. თურქეთში ინფლაცია ბოლო 19 წლის შემდეგ ასევე მაღალია.

ჩვენს ქვეყანაში არის გამოწვევა ინფლაცია, ფასების ზრდა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ყველგან და ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი, ძალიან მარტივად რომ ავხსნათ, რადგან ვართ პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარს. რაც ხდება ამერიკაში, ევროპაში, რა თქმა უნდა, ჩვენზეც აისახება. პანდემიას, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია, ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში. ამას ბუნებრივია ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე. ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც, ამიტომ ამას სჭირდება კარგად გააზრება და კარგად ახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.