იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი ძირეულად იცვლება
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი ძირეულად იცვლება

იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფორმირების წესი ძირეულად იცვლება. შესაბამისი ცვლილებები სასამართლოს რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადდა.

დღეს მოქმედი კანონით, დამოუკიდებელი საბჭო ექვსი წევრისგან შედგება და ნათი რაოდენობა შვიდამდე იზრდება. ასევე საბჭოს სამ წევრს, რომლებიც საერთო სასამართლოების სამივე ინსტანციიდან წარმოდგენილი თითო მოსამართლეები არიან, ოთხი წლის ვადით აირჩევს მოსამართლეთა კონფერენცია.

რაც შეეხება სხვა წევრებს, ცვლილებებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარი შემადგენლობიდან ორ წევრს მისი, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადით აირჩევს დამოუკიდებელი საბჭოს წევრად, დანარჩენ ორ წევრს, რომლებიც კანონით დადგენილი წესით აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების მქონე პირები არიან, ოთხი წლის ვადით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არანაკლებ სამი წევრის წარდგინებით, აირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

ამასთან, პროექტში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვნად იზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს ფუნქციები. კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მისაღებ კონკურსს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად, უშუალოდ იუსტიციის უმაღლესი სკოლა ჩაატარებს ამას გარდა, პროექტით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მსმენელების ჩარიცხვისა და გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, ასევე იუსტიციის უმაღლესი სკოლა მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნაცვლად.

„ცალსახად უნდა აღინიშნოს, რომ შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება მიზნად არ ისახავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური უფლებამოსილების შეზღუდვას – საერთო სასამართლოებში მოსამართლეების თანამდებობაზე განწესებასთან დაკავშირებით. არამედ, ვინაიდან მართლმსაჯულების რეფორმის IV ტალღის სამუშაო ჯგუფის ფორმატში საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, ოპოზიციური პარტიების მიერ არაერთხელ იქნა დაყენებული საკითხი იუსტიციის უმაღლესი სკოლისათვის მსმენელთა მიღების ფუნქციის მინიჭების შესახებ, კანონპროექტის ავტორმა გაიზიარა შესაბამისი წინადადება კონსენსუსის მიღწევის სულისკვეთებიდან გამომდინარე,

ამ თვალსაზრისით ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს შვიდი წევრისგან ოთხ წევრს, ანუ უმრავლესობას თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო ირჩევს. აღნიშნული მოცემულობა უზრუნველყოფს იმას, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების დროს”, – ნათქვამია პროექტში.