იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა აკრძალული აღარ იქნება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევა აკრძალული აღარ იქნება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრად ერთი და იგივე პირის ზედიზედ ორჯერ არჩევის აკრძალვა იხსნება.

შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული აკრძალვის მოხსნა გაზრდის პროფესიული გამოცდილებისა და დამსახურების პრინციპზე დაყრდნობით საბჭოს დაკომპლექტების შესაძლებლობას.

ინიციატორთა განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, რომლის მიხედვით იუსტიციის საბჭოების შექმნის ლოგიკა გულისხმობს, რომ მაქსიმალურად მცირე რაოდენობის შეზღუდვები დაწესდეს მოსამართლეთა უფლებაზე, აირჩიონ თავიანთ კოლეგებს შორის მათთვის სასურველი პირები, რომლებიც მათ წარმოადგენენ საბჭოში. შესაბამისად, ინიციატორებს მიაჩნიათ, რომ საკითხი, თუ რამდენად იმსახურებს კონკრეტული პირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას, მათ შორის ზედიზედ მეორე ჯერზე არჩევას (დანიშვნას), მიზანშეწონილია, უშუალოდ მისი არჩევის (დანიშვნის) უფლებამოსილების მქონე სუბიექტმა შეაფასოს ყოველგვარი გაუმართლებელი ბლანკეტური შეზღუდვის გარეშე.