იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. დაპირისპირება საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობის საკითხს მოჰყვა.
საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილი სიცრუეში დაადანაშაულა და მაგალითად მისი განცხადება მოიყვანა, სადაც ის კონკრეტულ თანხას ასახელებდა, რომელიც იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრებმა ახალი შენობის მასშტაბების გაფართოების მიზნით მოითხოვეს.
მიქაუტაძე დაინტერესდა, საიდან მოიტანა ნაზი ჯანეზაშვილმა ციფრი -12 მილიონი.
ამასთან, ჯანეზაშვილი საბჭოს კიდევ ერთმა წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.
კერძოდ, მან ჯანეზაშვილის „ფეისბუქ“ პოსტი მოიყვანა, სადაც ის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მიხეილ ჩინჩალაძის გავლენებზე საუბრობდა.
„ქალბატონმა ნაზიბროლამ ამის წინ თქვა, რომ მიხეილ ჩინჩალაძე მართავს 200-ზე მეტ მოსამართლეს. მე მაგალითად, ასეთი ეჭვი მაქვს, ქალბატონ ნაზიბროლას მართავს დავით გამისონია (ჯანეზაშვილის მეუღლე)”,- განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.
იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მეუღლის სახელისა და გვარის ხსენებამ ნაზი ჯანეზაშვილი გააღიზიანა.
როგორც საბჭოს წევრმა აღნიშნა, მისი ოჯახის წევრის ხსენება სხდომაზე სამარცხვინოა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფინანსთა სამინისტრომ ახალი შენობისთვის დამატებითი თანხის გამოყოფაზე უარი უთხრა.