იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი იცვლება. შესაბამისი ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში სასამართლო რეფორმის ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში მომზადდა.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭოში ყველა ინსტანციის სასამართლოს სრულყოფილად წარმომადგენლობის მიზნით, პროექტით განისაზღვრება, რომ საბჭოში მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩეული საბჭოს რვა წევრიდან თითო წევრი მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი თითოეული ინსტანციის სასამართლოდან.

ამის გარდა, პროექტით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლების მქონე სუბიექტი და საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის წესი დგინდება. კერძოდ, პროექტით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საბჭოს წევრთა არანაკლებ ერთ მეხუთედს. ცვლილებებით კონკრეტდება, რომ კანდიდატებს კენჭი ერთიანად ეყრება და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უფლებამოსილი იქნება, ხმა მხოლოდ ერთ კანდიდატს მისცეს. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვერ იქნება არჩეული, არჩევის ხელახალი პროცედურა კენჭისყრიდან არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღეში გაიმართება.