იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჯერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველი ერთი კანდიდატის განცხადებაა შესული
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში ამ დროისთვის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთმა მსურველმა წარადგინა განცხადება, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
გიორგი მიქაუტაძის თქმით, ამ ეტაპზე, აქტივობა დაბალია, თუმცა ის იმედოვნებს, რომ ვადის ამოწურვამდე აქტივობა გაიზრდება.
„ჯერ აქტივობა დაბალია, დარეგისტრირებულია მხოლოდ ერთი განაცხადი. თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ გვაქვს კიდევ დაახლოებით ორი კვირა, ასევე არსებულ პრაქტიკას, რომ უფრო ვადის მეორე ნახევარში ხდება განცხადებების წარმოდგენა კონკურსის შემთხვევაში, შემდეგი კვირებიდან პროცესი ალბათ უფრო გააქტიურდება და აქტივობა იქნება მაღალი“, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევად მსურველთა განაცხადების მიღება 11 მაისიდან დაიწყო. განაცხადების წარდგენა საბჭოში 31 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.