იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გიორგი თევდორაშვილთან გასაუბრება დასრულდა
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეისათვის ბოლო კანდიდატთან გასაუბრება დასრულდა.
გიორგი თევდორაშვილთან გასაუბრება დაახლოებით ორი საათი გრძელდებოდა.
„ძალიან ფართო სპექტრი იყო კითხვების და ეს ლოგიკურიც არის და გასაგებიც, რადგან საბჭოს წევრები ცდილობენ, დეტალური წარმოდგენა შეუქმნან კანდიდატზე, კანდიდატის პროფესიულ გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებაზე. ბუნებრივია, კითხვები იყო როგორც პრაქტიკიდან, ასევე თეორიული საკითხებიდან. ფაქტი ერთია პროცესი არის უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. შესაბამისად, ვნახოთ, შედეგები როგორ განვითარდება. საბჭოს წევრების შეხედულება კი, გამოჩნდება უკვე კენჭისყრის დროს. მაქვს ოპტიმისტური მოლოდინები. პროცესი არის ღია გამჭვირვალე და დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა თევდორაშვილმა გასაუბრების დასრულების შემდეგ.
თევდორაშვილის გარდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გასაუბრება გაიარეს შალვა თადუმაძემ და ზაზა თავაძემ.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.