იუსტიციის სამინისტრო - საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოდან 2017 წელს შეპასუხება მხოლოდ 25 საქმეზე ეთხოვა
იუსტიციის სამინისტრო - საქართველოს მთავრობას სტრასბურგის სასამართლოდან 2017 წელს შეპასუხება მხოლოდ 25 საქმეზე ეთხოვა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული სასამართლოს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოს მთავრობას 2017 წელს შეპასუხება მხოლოდ 25 საქმეზე ეთხოვა.

იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ წინა წლებთან შედარებით, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი სარჩელებიდან უფრო მეტი საჩივარი ცხადდება უსაფუძვლოდ და მიუღებლად ან ირიცხება განსახილველ საქმეთა ნუსხიდან.

„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტი აჩვენებს, რომ, წინა წლებთან შედარებით, საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეტანილი სარჩელებიდან უფრო მეტი საჩივარი ცხადდება უსაფუძვლოდ და მიუღებლად ან ირიცხება განსახილველ საქმეთა ნუსხიდან. კერძოდ, 2017 წელს მიუღებლად გამოცხადდა/ამოირიცხა 232 საჩივარი, 2016 წელს – 148, ხოლო 2015 წელს – 197.

ამასთან, მკვეთრად შემცირდა საქმეების რაოდენობა, რომელთა თაობაზე საქართველოს მთავრობას შეპასუხება ეთხოვა. 2017 წელს მხოლოდ 25 საქმე იყო ასეთი, რაც, 2016 წელთან შედარებით, სამჯერ ნაკლებია. ამ მონაცემის მიხედვით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფოა საქმეების სიმცირის მიხედვით. შედარებისთვის: 2017 წელს ბელგიას 35 საქმეზე ეთხოვა შეპასუხება, ხორვატიას – 93-ზე, საფრანგეთს – 63-ზე, იტალიას – 1441-ზე,ლიტვას – 76-ზე, პოლონეთს, რუმინეთს – 495-ზე, სლოვაკეთს – 47-ზე, ესპანეთს – 52-ზე.

აღნიშნული სტატისტიკა ადასტურებს, რომ, სტრასბურგის სასამართლოს მოსაზრებით, ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს შიგნით ეფექტურად არის შესაძლებელი და, უმეტეს შემთხვევაში, საჭირო არ არის საქმეების დამატებითი განხილვა ევროპულ სასამართლოში; ეს კი საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების რეზულტატია, რომელთა შედეგადაც მართლმსაჯულების სისტემა გახდა ქმედითი დაიძლევა უფლებების დაცვის ეფექტურ შესაძლებლობას“, – აღნიშნულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.