იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლითაც ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის კოდექსში“ მომზადებულ ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, რომლის გათვალისწინებით, ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ცვლილებები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა წარადგინა.
მეზვრიშვილის განმარტებით, 2018 წლის სტატისტიკით, დაჭრებისა და დაზიანების გარკვეულ ნაწილს წინ ე.წ. ქუჩური გარჩევა უძღოდა, რაც დღეს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ კრიმინალიზებული არ არის და არ არსებობს სპეციალური შემადგენლობა, რომელიც ამ გამოწვევას ასი პროცენტით უპასუხებს.
„ამ საკითხის პირდაპირი მარეგულირებელი მუხლი არ გაგვაჩნია. როცა „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობა გავამკაცრეთ, გადავწყვიტეთ, კრიმინალური მენტალიტეტის წინააღმდეგ ეს ხაზი გაგვეგრძელებინა. 2018 წელს, 300-მდე ისეთი შემთხვევა იყო, როცა სხვადასხვა სახის დანაშაულს, მათ შორის დაჭრებს წინ ქუჩური გარჩევა უსწრებდა. ამ კანონპროექტის არსებობის შემთხვევაში, გაცილებით ადრეულ ეტაპზე გვექნებოდა იმის შესაძლებლობა, რომ ამგვარი შემთხვევები თავიდან აგვეცილებინა. საუბარია იმაზე, რომ ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ქმედების განსჯადობა იმისთვის, რომ უფრო მძიმე შედეგები თავიდან ავიცილოთ. მაგალითად, ქუჩური გარჩევა დავსაჯოთ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ მკვლელობის მცდელობა, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია“, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ ე.წ. ქუჩურ გარჩევაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს შეკრების მონაწილის მხრიდან ძალადობა, იძულება ან მუქარა, დასჯადი იქნება. გათვალისწინებულია სანქციებიც, მათ შორის – საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, ჯარიმა ან პატიმრობა.
კანონპროექტით განსაზღვრულია, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მოხსნა იმ შემთხვევაზე, როცა პირი გამოძიებასთან ითანამშრომლებს.